„ჩვენი ამოცანა იქნება, ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ რუსული საოკუპაციო რეჟიმის ის წარმომადგენლები მოხვდნენ, რომლებიც ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელობის დანაშაულის დაფარვაში არიან დამნაშავეები,“ - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოების მთავარი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ აიძულოს ხელისუფლება, ამ სიაში რუსეთის ის მოქალაქეები შეიყვანოს, რომლებსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი.
“დიდი შეცდომა არის ამ სიაში რუსული საოკუპაციო ჯარების და სტრუქტურების წარმომადგენლების არყოფნა, იმ პირების, რომლებმაც თვითონ ჩაიდინეს ეს დანაშაული და რომლებიც ხელს აფარებდნენ იქ ჩადენილ ადამიანის უფლებათა დარღვევებს, ან მკვლელობას. მათ შორის ისეთებს, როგორიც არის ოთხოზორია - ტატუნაშვილის მკვლელობა. "ევროპული საქართველოს" ამოცანა იქნება, რომ საზოგადოებრივი აზრის მეშვეობით ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ამ სიაში იყვნენ რუსული საოკუპაციო რეჟიმის ის წარმომადგენლები, რომლებიც იერარქიულადაც უფრო მაღლა არიან ამ პირებზე და რომლებიც უშუალოდ პასუხისმგებლები იყვნენ ამ დანაშაულებებში ხელის დაფარებაზე," - აცხადებს გიგა ბოკერია.