„მთავრობის მიერ შედგენილ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში რუსეთის ფედერაციის არც ერთი მოქალაქე არ მოხვდა,“ - ეს განცხადება ვიცე-სპიკერმა, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, სერგი კაპანაძემ, დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები ის პირები არიან, რომლებიც სულ მცირე ჩადენილ დანაშაულს და დამნაშავეებს აფარებენ ხელს. ამასთან, მისი განცხადებით, სიაში შეყვანილი რამდენიმე ადამიანი გარდაცვლილია, რაც სიის მიმართ ხელისუფლების არასერიოზული დამოკიდებულებაზე მეტყველებს.
“სამწუხაროდ, “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში არ არის შეყვანილი რუსეთის ფედერაციის არც ერთი მოქალაქე. კერძოდ, არ არიან შეყვანილი “ეფ-ეს-ბეს“ ადგილზე არსებული “გერეუს“ და ზოგადად, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ ახორციელებენ ეფექტურ კონტროლს და ხშირ შემთხვევაში არიან პასუხისმგებელნი არა მარტო დანაშაულის ჩადენაზე, არამედ დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებაზე. არც ერთი ასეთი ადამიანი “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" არ მოხვდა! ჩვენ, “ევროპული საქართველო“ გავაგრძელებთ მუშაობას იმ კუთხით, რომ ერთი მხრივ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებიც მოხვდნენ ამ სიაში, მეორე მხრივ, ამ სიამ მოიპოვოს მხარდაჭერა ჩვენს პარტნიორებში. ჩვენი კონკრეტული ძალისხმევით ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის მოწოდება ევროკავშირის ქვეყნებისადმი, რომ მათ ამ სიაში მყოფი ადამიანები შეიყვანონ თავიანთ სანქცირებულ ადამიანთა სიაში. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეს სიას და განავრცოს ის. შეიყვანოს მასში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები და ეს პასუხისმგებლობა იყოს უფრო მეტი, ვიდრე არის დღეს.
„ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების ერთ-ერთი გამოვლენა არის, რომ სიაში სამწუხაროდ შეყვანილი არიან ადამიანები, რომლებიც არიან გარდაცვლილები. ესეც მეტყველებს იმაზე, თუ როგორი არასერიოზული იყო მათი დამოკიდებულება ამ თემის მიმართ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სია. ეს არის სია, რომელიც კონკრეტულ გზავნილს აგზავნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ან არღვევენ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს ან შეიძლება მომავალში დაარღვიონ, რათა მათ კარგად გაიგონ, რომ ამის გამო მოუწევთ როგორც პოლიტიკური, ისე კონკრეტული ფასის გადახდა,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ. სწორედ ამიტომ „ევროპული საქართველო“ მთავრობას სიის გაფართოებისკენ მოუწოდებს.