“როგორი სტრუქტურული ცვლილებებიც არ უნდა განხორციელდეს, ეს დასაქმებულებს არ უნდა შეეხოს და კვალიფიციური თანამშრომლების სახლში გაშვება არ უნდა გამოიწვიოს,” – ეს განცხადება მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, ანრი ოხანაშვილმა, დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა და აღნიშნა, რომ ინიციატივის მთავარი მიზანი გადაწყვეტილებების სწრაფი და ეფექტიანი მიღებაა.
“ჩვენ მამუკა ბახტაძისგან მოვისმინეთ, რომ მნიშვნელოვანია მოქნილი სამთავრობო გუნდი. მოქნილი სამთავრობო გუნდის იდეა და არსი არის ის, რომ გადაწყვეტილებები მიიღებოდეს სწრაფად და ეფექტიანად. სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებები დაკავშირებულია იმ პროცესებთან, რომლითაც საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს. ჯერ ვერ გეტყვით, რომელ სტრუქტურას როგორი ცვლილება შეეხება, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან ბევრ კანონში იქნება ცვლილება შესატანი,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ამასთან, ის აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ცვლილებების მიზანი და ამოცანა “ვიღაცის სახლში გაშვება არ არის“.
“ჩვენ დრო სწორედ იმისთვის ავიღეთ, რომ ინტენსიური კონსულტაციების ფარგლებში ყველა გათვლა გაკეთდეს იმისთვის, რომ არავინ დაზიანდეს. არ დაზარალდეს არც პროცესი და არავინ დადგეს იმ საფრთხის წინაშე, რომ მიდის სახლში,“ - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.