ტურიზმის დეპარტამენტის ახლადდანიშნულ თავმჯდმარეს ახალი მოადგილე ჰყავს. მაია სიდამონიძის მოადგილედ ნატა ფარცხალაძე დაინიშნა, რომელსაც ტურიზმის დეპარტამენტში თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ადრეც ეკავა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვერა ქობალიას განცხადებით, სამინისტროში შესული 109 პროექტიდან მაია სიდამონიძის გარდა, ნატა ფარცხალაძის პროექტმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა, საბოლოოდ, უპირატესობა მაია სიდამონიძის პროექტს მიენიჭა. ამის შემდეგ კი მინისტრმა ნატა ფარცხალაძეს დეპარტამენტში მუშაობა თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე შესთავაზა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.
"ის ადამიანი, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა და მაის შემდეგ ყველაზე მეტი ქულა ჰქონდა, არის ნატა ფარცხალაზე, რომელსაც დეპარტამენტში მუშაობა შევთავაზეთ და მოხარული ვარ, რომ ისიც დაგვთანხმდა. კონკურსში კიდევ იყო საინტერესო პროექტები და კანდიდატურები, თუმცა მაია სიდამონიძე თავად შეხვდება მათ და გადაწყვეტილებასაც პირადად მიიღებს, თუ ვის რა პოზიცია შესთავაზოს", _ განაცხადა ვერა ქობალიამ.
თავად ნატა ფარცხალაძე განმარტავს, რომ მისი პროექტი ძირითადად რამოდიმე ქვეპროექტისგან შედგებოდა, რომელთა განხორციელებაც საბოლოო ჯამში ტურიზმის სექტორის განვითარებას განაპირობებს.
"პროექტში დაახლოებით 12 პატარა პროექტი მქონდა აღწერილი, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვანია, თუნდაც ტუალეტების მოწყობა საჭირო ადგილებზე, ასევე საპიკნიკე ადგილების მოწყობა, ღვინის ტურიზმის განვითარება. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი პროექტი ძვირიანია იყო, ვთქვათ საპიკნიკე ადგილების მოწყობა ძალიან დაბალ ბიუჯეტთანაა დაკავშირებული, თუმცა ღვინის ტურიზმის განვითარებას შედარებით მაღალი ბიუჯეტი ესაჭიროება", _ განუცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ნატა ფარცხალაძემ.