ტურიზმის დეპარტამენტის ახალი თავმჯდომარე მაია სიდამონიძე მუშაობას ოფიციალურად შეუდგა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ სიდამონიძე თანამშრომლებს პირადად წარუდგინა. როგორც ვერა ქობალიამ განმარტა, სიდამონიძის პროექტი 109 პროექტს შორის საუკეთესო, თუმცა ახალ თავმჯდომარეს იქვე დავალებაც მისცა, რომ მშპ-ში ტურიზმის წილი მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს.
"ხშირად მეკითხებიან თუ რა შუაშია ტურიზმი და ეკონომიკის განვითარება, მაგრამ ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არსებობს - კავშირშია. ტურიზმის განვითარება წინაპირობაა იმისა, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმება, არა უშუალოდ ტურიზმის დარგში, არამედ ეკონომიკის სხვა სფეროებშიც. ყოველი ახალი ტურისტი სამომავლოდ, არის პოტენციური ინვესტორი. სამწუხაროდ დღეისათვის მშპ-ში ტურიზმის წილი მხოლოდ 4 %-ია, მაშინ, როდესაც სომხეთის ეკონომიკაში მშპ-ს წილი 10 %-ს შეადგენს. ხორვატიაში, რომელსაც ტურიზმის განვითარების შედარებით დაბალი პოტენციალი აქვს ვიდრე საქართველოს, იქ მშპ-ში ტურიზმის წილი 26 %-ს შეადგენს. ხორვატიას, ყოველწლიურად 10 მლნ-ზე მეტი ტურისტი სტუმრობს", _ განაცხადა ვერა ქობალიამ.
ტურიზმის დეპარტამენტის ახალი ახალი თავმჯდომარის განცხადებით, მან ტურიზმის სექტორში და უშუალოდ ტურიზმის დეპარტამენტში მუშაობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ხელისუფებისაგან სათანადო მხარდაჭერა დაინახა.
"ტურიზმის სექტორში მუშაობის გამოცდილება გამაჩნდა, თუმცა პროექტის დაწერა და კონკურში მონაწილეობა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა დავინახე. ჩემი პროექტის მთავარ სამოქმედო გეგმას შიდა ტურიზმის განვითარებასთან ერთად უცხოური ტურისტების მოზიდვაც წარმოადგენს. ტურისტების რიცხოვნობის გაზრდა კი თავადთავად ახალ სამუშაო ადგილებ შექმნის. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორმა მჭიდროთ ითანამშროლონ",- განაცხადა მაია სიდამონიძემ.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს ტურიზმისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის გამოსავლენად ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულის და შესაბამისად, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელის ვინაობა დაასახელა 5 აგვისტოს დაასახელა.
მაია სიდამონიძის კანდიდატურა სამინისტროსთან არსებულმა კომისიამ კონკურსის 109 მონაწილეს შორის შეარჩია. გამარჯვებული პროექტი 109-დამ 10 საუკეთესოს შორის გამოვლინდა. მაია სიდამონიძის პროექტმა კონკურსის პირველ ეტაპზე ყველაზე მაღალი ქულები მიიღო, გასაუბრების შემდეგ კი კომისია დარწმუნდა, რომ ის საუკეთესო კანდიდატი იყო. საბოლოოდ არჩევანი 2 კანდიდატს შორის გაკეთდა - კომისიამ მაია სიდამონიძის პროექტი 7 ხმით 2-ის წინააღმდეგ აირჩია.
სიდამონიძეს ტურიზმის სფეროში აქვს განათლება მიღებული - ბაკალავრიატი შვეიცარიაში დაამთავრა, მაგისტრატურა კი - დიდ ბრიტანეთში. მას ტურიზმის სფეროში აქვს მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე ინგლისში. ქობალიას ინფორმაციით, სიდამონიძემ კონკურსზე დეტალურად გაწერილი პროექტი გამოგზავნა და გასაუბრებისას საინტერესოდ წარმოადგინა.
კონკურსში მონაწილე რამდენიმე პროექტის ავტორს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში გარკვეულ პოზიციებზე მუშაობას შესთავაზებენ. მათ შორის იქნება კონკურსის ის მონაწილეც, რომლის პროექტიც გამარჯვებულის მთავარი კონკურენტი იყო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კონკურსი თემაზე "საქართველოს ტურიზმისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარება" 12 ივლისს გამოაცხადა. კონკურსის გამოცხადების მიზანი იყო საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, იმიჯის პოპულარიზაცია; ტურისტთა შემოყვანისა და შიდა ტურიზმის განვითარების პროცესის ხელშეწყობა; ტურიზმის სფეროში დასაქმებული კერძო მეწარმეების ხელშეწყობა; მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე გასვლა, დამკვიდრება. ამასთანავე, პროექტი ხელს შეუწყობს - ტურიზმის მარკეტინგის, საერთაშორისო ბიზნესის, ინოვაციური და სტრატეგიული კუთხით კვალიფიცირებული და კრეატიული კადრების გამოვლენას.