ხვალ, 18 აგვისტოს, USAID--ის მიერ დაფინანსებული "მექანიზაციის პროექტის" ფარგლებში მექანიზაციის სერვისცენტრების წარმომადგენლებისთვის პირველი ბიზნესტრენინგი ჩატარდება.
"მექანიზაციის პროექტსა" და საქართველოს ბიზნესსაკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაციას - "ABCO -საქართველოს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ტრენინგებს "ABCO -საქართველო" ჩაატარებს.
ტრენინგში, რომელიც ახალციხის სასოფლო-სამეურნეო სერვისცენტრში გაიხსნება, USAID--ის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული მექანიზაციის სერვისცენტრების წარმომადგენლების გარდა, ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო მომსახურების ცენტრების ხელმძღვანელები და თანამშრომლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ტრეინინგის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები: ზოგადი მართვა, ბუღალტერია, ფინანსური მენეჯმენტი, ბიზნესგეგმების შედგენა, გადასახადები, სამართლებრივი საკითხები, ბაზრის ანალიზი და დაგეგმარება. სამდღიანი სემინარის დასრულების შემდეგ, ტრეინინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და შემდგომ ისინი ადგილზე მიიღებენ ინდივიდუალურ კონსულტაციებს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის შესახებ.
"მექანიზაციის პროექტის" ბიუჯეტი 5.1 მლნ ამერიკული დოლარია. ეს აშშ-ის მთავრობის იმ მილიარდიანი დახმარების ნაწილია, რომელიც საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოეყო. "მექანიზაციის პროექტის" ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 25-მდე მექანიზაციის ცენტრი შეიქმნება, რაც გაზრდის მცირე ფერმერებისთვის სამანქანო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას. საერთო ჯამში, ამ სერვისცენტრებში 250-მდე ადამიანი დასაქმდება, დახმარებას მიიღებს 14 ათასი მცირე ფერმერი, ხოლო მცირე ფერმერული მეურნეობების შემოსავალი დაახლოებით 10 მლნ დოლარით გაიზრდება.