ისრაელს ირანისთვის დარტყმის მისაყენებლად დღეები რჩება. თუ ისრაელს სურს ხელი შეუშალოს ირანის ბირთვული იარაღის შექმნაში მაშინ სამხედრო მოქმედება უახლოესი დღეების განმავლობაში უნდა დაიწყოს. ამის შესახებ გაეროში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა ჯონ ბოლტონმა განაცხადა.
როგორც ცნობილია 21 აგვისტოს თეირანი ბუშერას ატომური რეაქტორის ამუშავებას გეგმავს. ბოლტონმა განაცხადა, რომ ბუშერას ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მის მიმართ განხორციელებული საჰაერო დარტყმები ძალიან დაგვიანებული იქნება, რადგან ამ შემთხვევაში რადიაციის გავრცელების გამო საფრთხე შეექმნება მშვიდობიან მოსახლეობას.
"რეაქტორის ამუშავების შემდეგ რადიაციის გავრცელების საფრთხე გაიზრდება და ეს ეჭვგარეშეა"- განაცხადა ბოლტონმა.
ბოლტონმა გააკრიტიკა რუსეთი ატომური რეაქტორის ასამუშავებლად ირანისთვის საწვავის მიწოდების გამო და განაცხადა, რომ რუსეთი ხშირად ორმაგს თამაშობს.