გორის მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის სამსახური შეიქმნა. სამსახური გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახით შპს ,,ბზის" ბაზაზე დააფუძნა.
,,გორის კეთილმოწყობის სამსახური" წინამორბედისაგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ ქალაქის გამწვანებაზე ზრუნავდა, გაცილებით მეტი ფუნქციის მატარებელი იქნება. იგი შეითავსებს დასუფთავების, დეკორატიული და გარე განათების მოვლა-პატრონობის, ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესების და ქალაქში არსებული ობიექტების სარემონტო და სამშენებლო ფუნქციებსაც.
გარდა სახელობითი ცვლილებისა, ახლადშექმნილ კეთილმოწყობის სამსახურში სტრუქტურაც ახალი ჩამოყალიბდა. თითოეულ ფუნქციას მენეჯერი ხელმძღვანელობს, რომელიც კურირებს კუთვნილ სფეროში მიმდინარე სამუშაოებს.
როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ახალი გაძლიერებული სამსახურის შექმნა სამომავლოდ მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის დაგეგმვის და განხორციელებული სამუშაოების ხარისხის ამაღლების მიზნით მოხდა.
,,მიმდინარე წლის აგვისტოს თვიდან ქალაქის კეთილმოწყობაზე უკვე 124 ადამიანი ზრუნავს. ჩვენ აქტიურად ვგეგმავთ და ვახორციელებთ ქალაქში მიმდინარე სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებს. ამჟამად მიმდინარეობს წმიმდაწყლის დასახლებაში არსებული ხიდის რეაბილიტაცია. უახლოეს მომავალში დაიწება კომბინატის ხიდის სარემონტო სამუშაოებიც" - აცხადებს შპს ,,გორის კეთილმოწყობის სამსახურის" ხელმძღვანელი ნუკრი აბალაკი.