დღეს, 13 აგვისტოს, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა უსაფრთხოების პოლიტიკისა და საგარეო საკითხებში კეტრინ ეშტონმა გააკეთა განცხადება რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში S-300 საჰაერო-საზენიტო სარაკეტო სისტემის განლაგებასთან დაკავშირებით.
საქართველოს საგარეო უწყების საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქ-ნი ეშტონი გამოხატავს შეშფოთებას ხსენებული ფაქტის გამო და აღნიშნავს, რომ საქართველოს რეგიონში S-300 საჰაერო-საზენიტო სარაკეტო სისტემის განთავსებით რუსეთი არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. გარდა ამისა, რუსეთის ამ ქმედებას შეუძლია გამოიწვიოს რეგიონში ვითარების გამწვავება, აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, ადასტურებს თავის პატივისცემას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, და აღნიშნავს, რომ აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ოფიციალური ვიზიტების განხორციელება უნდა ხდებოდეს ამ პრინციპების სრული დაცვით.
ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველა პუნქტი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება და უერთდება ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებას.