პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ეწვია.
სომხეთის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა დახვდა.
„ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები ესეთი მაღალი დონის დელეგაციებით სტუმრობენ თბილისს, რათა ჩვენთან ერთად იზეიმონ პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავი. სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტს ორმაგი დატვირთვა აქვს, ეს იქნება სომხეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში. რამდენიმე დღეში ჩვენი სომეხი მეგობრებიც ასევე იზეიმებენ თავიანთი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს და ვსარგებლობ შემთხვევით და მათაც ვულოცავ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ერთად, თანამშრომლობით ბევრის მიღწევა შეგვიძლია და სომხეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის პირველი ვიზიტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენს ქვეყნებს და ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის“-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
სომხეთის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებში და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.