სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე სარაკეტო კომპლექსი "ს-300" განათავსეს და აცხადებს, რომ აღნიშნული კომპლექსი რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში განთავსდა.
"ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსი "ს-300" აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულია. ეს თავდაცვითი კომპლექსი თავს არავის ესხმის. იგი ჩვენს საზღვრებს იცავს, როგორც დაგვპირდნენ. ეს კომპლექსი მაშინ განთავსდა, როდესაც თავდაცვის სისტემას ათავსებდნენ", _ აცხადებს სერგეი შამბა.
ამას გარდა, თავის მხრივ, სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია აცხადებს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ამ კომპლექსის განთავსება არ ეწინააღმდეგება სოხუმსა და მოსკოვს შორის გამოფორმებული სამხედრო თანამშრომლობის ჩარჩოებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარსარდალმა გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე ზელინმა გუშინ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ აფხაზეთსა და ე. წ სამხრეთ ოსეთში არსებული რუსეთის საერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემები "ს-300" და საერსაწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალებები ჩამოაგდებენ ყველა იმ საფრენ აპარატს, რომლებიც აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცეს დაარღვევენ.
"საერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების ამოცანა მხოლოდ ის კი არ არის, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორია დაიცვან, არამედ ისიც, რომ აღკვეთონ საჰაერო სივრცეში სახელმწიფო საზღვრი დარღვევა და ნებისმიერი იმ საფრენი აპარატის ჩამოგდება, რომელიც ამ რესპუბლიკების საჰაერო საზღვარს დაარღვევს, რა მიზნითაც არ უნდა ფრენდნენ ისინი", _ განაცხადა ზელინმა.
ამას გარდა, აღნიშნული სისტემის რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განთავსებას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიც გამოეხმაურა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ კროულიმ განაცხადა, რომ ამ სისტემების განლაგება ახალი ამბავი არ არის.
"ჩვენ არ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ განლაგდა თუ არა იქ ახალი კომპლექსები. ჩვენ ამას ვარკვევთ. თავად სიტუაცია არ არის ახალი ამბავი და ეს სისტემები რამდენიმე ხნის უკან იყო განლაგებული", _ განაცხადა კროულმა.