ხვალ, 12 აგვისტოს, 10:00 საათზე, ქ. გორში ოფიციალურად გაიხსნება ორი სოციალური სახლი 14 სოციალურად დაუცველი ადგილობრივი და დევნილი ოჯახისთვის.
გასულ წელს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება განეხორციელებინა პილოტური პროექტი "სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში" დედაქალაქის გარდა საქართველოს ოთხ ქალაქში: ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და გორში.
პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას მიმდინარე სოციალური რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც მიმართულია მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენებისკენ და ასევე ხელი შეუწყოს მთავრობის მცდელობას, რომ ეფექტური და დაჩქარებული წესით გააუმჯობესოს ყველა იძულებით ადგილნაცვალი ოჯახის
საცხოვრებელი პირობები, როგორც ეს განსაზღვრულია იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიასა და მის სამოქმედო გეგმაში.
პროექტის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იქნა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხრიდან, რომელიც წარმოადგენს შვეიცარიის მთავრობას, ასევე გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი
კომისარიატისა და იტალიის განვითარების თანამშრომლობის მიერ, რომელიც წარმოადგენს იტალიის მთავრობას, ხოლო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრაქტრუქტურის სამინისტრო. პროექტის განხორციელებაში ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულები ავტონომიური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდისა
და გორის მერიები.