ხვალ, 12 აგვისტოს, გორში, შიდა ქართლის მხარის ადმინისტრაციის შენობაში, აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი შეთანხმებას მოაწერენ ხელს. აშშ-ისა და საქართველოს მთავრობათა შეთანხმებით, 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ საქართველოსათვის გამოყოფილი ერთი მილიარდი დოლარიდან 83 მილიონი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას, აგრეთვე 90-იანი წლებისა და 2008 წლის კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის დასახმარებლად დაიხარჯება. შეთანხმებით გათვალისწინებული საერთო მიზნის მისაღწევად საქართველოს მთავრობა საკუთარი სახსრებიდან 24 მილიონ ამერიკულ დოლარს დახარჯავს.
აშშ-ისა და საქართველოს მთავრობათა შეთანხმება ითვალისწინებს შემდეგი პროექტების განხორციელებას: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ხუთ მუნიციპალიტეტში, რაც გულისხმობს სულ მცირე ერთი ძირითადი საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციას;
მუნიციპალური განვითარებისა და სოფლის ეკონომიკის ზრდის სტიმულირებას მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეწყობით, აგრეთვე ტექნიკური დახმარების გაწევით ისეთი ეკონომიკური წამოწყებებისთვის, როგორიცაა მებაღეობა, მეფუტკრეობა და მეცხოველეობა;
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დაზარალებული იძულებით გადაადგილებული პირების დახმარებას, მათი საცხოვრებლის რეაბილიტაციასა და პირობების გაუმჯობესებას.