ოს სეპარატისტთა ლიდერის რწმუნებული ე. წ. პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი აცხადებს, რომ ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენელთა ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ საერთაშორისო საზოგადოებისგან შენიღბოს ყველა დანაშაული, რომელსაც საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები ახორციელებენ.
"ევროკავშირის დამკვირვებელთა მისია საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ნაწილი გახდა. არავითარი სხვაობა არ არის საქართველოს შს სამინისტროს, უშიშროების სამინისტროსა და დამკვირვებელთა საგუშაგოებს შორის. ისინი ყველანი ჩვენ წინააღმდეგ არიან", _ აცხადებს ჩოჩიევი.
ჩოჩიევი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიას ე. წ. სამხრეთ ოსეთთან არაფერი საერთო არა აქვს.
"მიუხედავად იმისა, რომ ისინი გამუდმებით ცდილობენ დაარწმუნონ საერთაშორისო საზოგადოება, რომ მათ სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში უნდა იმუშაონ, ჩვენ ყოველ ჯერზე მათ თავიანთ ადგილისკენ მივუთითებთ, რომელიც აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება. ყოველივე სარკოზი-მედვედევის შეთანხმებაშია გაწერილი", - აცხადებს ჩოჩიევი.
მისი თქმით, საქართველოს პოზიციასა და ევროკავშირის მისიის პოზიციას შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს.
"თუკი ევროკავშირი დაინტერესებულია იმაში, რომ სამხრეთ ოსეთს ჰქონდეს ნდობა დამკვირვებლებისადმი და ჩვენ მათთან ვითანამშრომლოთ, აუცილებელია მათი პოზიციის სრული შეცვლა სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში", _ აცხადებს ჩოჩიევი.