ღამის კლუბებში განხორციელებული „PR-ოპერაციის“ შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, ქვეყანაში მძლავრი ენერგეტიკის (ეს აშკარაა) საპროტესტო ტალღა აგორდა. არავითარი პრაქტიკული და ანტიკრიმინალური აზრი ამ ოპერაციების ასეთი ფორმით (!) ჩატარებას არ ჰქონდა: ის რვა ნარკორეალიზატორი, რომელთა შესახებ პოლიციას სრული ინფორმაცია და მტკიცებულებები ჰქონდა, დღისით და მზისით შეეძლოთ დაეპატიმრებიანთ (შვიდი მათგანი ხომ სულ სხვა ადგილებში „აიყვანეს“?) ისე, რომ კლუბებში კუნთმაგარი ნიღბოსანი მეავტომატეებით „შევარდნა“ საჭირი სრულიადაც არ იქნებოდა.
მაგრამ ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა ასე ეპასუხა იმ პოლიტიკოსებისა და „საზოგადო სფოუქსპერსონებისთვის“, ვინც აკრიტიკებდა კლუბებში არსებული „ნარკოსიტუაციის“ გამო და ნარკოტიკულ საშუალებათა გავრცელების მფარველობასაც კი აბრალებდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, მას შემდეგ რაც მოხდა, ხსენებული პოლიტიკოსები და „ყველაფრის ექსპერტები“ გაიტრუნენ - საერთოდ აღარ აკეთებენ კომენტარს. ანუ ხელისუფლებამ მათ განცხადებებზე ამგვარი რეაგირებით და „ვიღაცისთვის რაღაცის დამტკიცების“ მცდელობით კიდევ უარეს დღეში ჩაიგდო თავი.
ბოლოს და ბოლოს, ღამის კლუბებში ათსობით ადამიანი იმყოფება და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ლუდს ან ვისკის ამჯობინებს „ექსტაზისა“ და „ბიოს“. ასე რომ არ იყოს, „კლუბური მსხვერპლი“ არა ერთეულები, არამედ ასეულობით იქნებოდა. ხელისუფლების რეაქცია (ამ ფორმით) აღმოჩნდა არა გადაჭარბებული, არამედ არამიზანშეწონილი - კატასტროფული „უკუშედეგის“ მომტანი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
საინტერესოა, რომ „მაისის ახალგაზრდული ამბოხი“ დაემთხვა საერთო ევროპული მნიშვნელობის მოვლენას, რომლის შესახებ ჩვენს ქვეყანაში თითქმის არავინ არაფერი იცის: ზუსტად 50 წლის წინ, საფრანგეთი და მთელი დასავლური სამყარო მოიცვა ახალგაზრდულმა პროტესტებმა. ამ მოძრაობამ ბოლოს ისეთი საშიში ხასიათი შეიძინა, რომ ხელისუფლებებმა და ელიტებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს კანონთა ლიბერალიზაციის მიმართულებით, რამაც ბევრად მეტი თავისუფლება მიანიჭა სოციალური მარწუხით დაღლილ ახალგაზრდობას.
1968 წლის მოძრაობის ლიდერმა, დენიელ კონ ბენდიტმა, მისი სულისკვეთება ერთი ისტორიული ფრაზით გამოხატა: „ახალგაზრდობა იბრძვის, რათა ჰქონდეს საკუთარი ცხოვრების წესი!“
მიაღწიეს კიდეც საწადელს, - ბოლოს პრეზიდენტი დე გოლიც კი იძულებული გახდა გადამდგარიყო.
„მთავრობის სახლის წინ“, რუსთაველზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ლიდერმაც შინარსობლივად ასეთივე განცხადება გააკეთა: „კლუბებში შევარდნა არა ნარკორეალიზატორობასთან ბრძოლა, არამედ ცხოვრების წესზე დარტყმა იყოო“. იგულისხმება ზუსტად ის, რაც დაადგინა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ: „ნარკოტიკული საშუალების მიღება ადამიანის გართობის, დასვენების და თავისუფალი განვითარების საშუალებაა“. სწორედ ეს არის „ცხოვრების წესი“ და ამ ფორმით ითქვა, რომ ბოლოს და ბოლოს, არავის საქმე არაა, მიიღებს ადამიანი ნარკოტიკულ ნივთიერებას თუ არა. ეს მართლაც მისი პირადი საქმეა!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ოღონდ საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაში არაფერი წერია იმაზე, რომ ასევე ადამიანის უფლებაა, „მიაჩვიოს“, „შემოიპატიჟოს“ და „გაუზიაროს“ ეს მომაკვდინებელი ჩვევა სხვა ადამიანს, ანუ, ფაქტიურად, „გადასდოს“ მას დაავადება, რომელიც ადრე თუ გვიან დაამახინჯებს სულიერად და ფიზიკურად, საბოლოოდ კი სიცოცხლის ხანგრძლივობას მინიმუმ მესამედით შეუმცირებს.
„ნარკო-თავისუფლების“ მომხრეებს ან არ ესმით, ან ჯიუტად არ სურთ გაითვალისწინონ, რომ მთავარი პრობელმა, რასაც უბრალოდ არ შეიძლება საზოგადოება და სახელმწიფო არ ებრძოლოს და შეურიგდეს, სინამდვილეში ნარკოტიკების მოხმარება კი არ არის, არამედ ამ ჩვევაში სხვების „შემოპატიჟებაა“ ანუ ნარკო-ჩვევის გავრცელებაა თუნდაც ყოველგვარი მატერიალური ანგარების გარეშე: 100-დან 90 შემთხვევაში ეს „შემოპატიჟება“ და ჩვევის „გადადება“ ხდება უსასყიდლოდ: ნაცნობზე, მეგობარზე, კლასელზე, კურსელზე, „ქლაბერზე“ და ა.შ.
ნარკომანიის გამო დაღუპული ადამიანის ყველა მშობელმა ზუსტად იცის, ვინ „მიაჩვია“ მათი შვილი ნარკოტიკს, ვინ „გადასდო“ მას ეს საზიზღარი ჩვევა და „შემოიპატიჟა“ ნარკომანიაში.... ანუ იცის, ვინ დაღუპა და გაანადგურა! მაგრამ აქ სიმართლე სოციალურ „ტაბუს“ ეჯახება და ამაზე ლაპარაკი ცუდ ტონად ითვლება.
ნარკომანიას, როგორც სოციალურ მანკს აქვს რეპლიკაციისა და მულტიპლიკაციის ეფექტი. ნარკომანი ქვეცნობიერად, ზოგჯერ კი გაცნობიერებულად და მიზანმიმართულად ესწრაფვის, ჩაითრიოს ამ „საქმიანობაში“ სხვა. ისევე, როგორც (მედიცინაში დამტკიცებული ფენომენია) ათაშანგით ან შიდსით დაავადებული ადამიანი ხშირად გაუცნობიერებლად ან გაცნობიერებულად ცდილობს გადასდოს ეს დაავადება სხვას........ „მარიხუანას“ მარტო არ ეწევიან, წამალს მარტო არ იკეთებენ და „კლუბურ ნარკოტიკს“ მარტო არ იღებენ! სწორედ ეს თვისებრიობა ამ სოციალური მანკისა, განსაზღვრავს მის საზოგადოებრივად საშიშ ბუნებას
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
„გავრცელება-გასაღება-რეალიზაციის“ (და არა მხოლოდ გაყიდვის ანუ „ბარიგობის“) აღსაკვეთად, სახელმწიფო იძულებულია დააწესოს მახინჯი სტანდარტი, რომელიც გულისხმობს ვარაუდს, რომ თუ ადამიანს დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა, იგი აუცილებლად გაავრცელებდა მას თუნდაც მატერიალური ანგარების გარეშე. ამიტომ წესდება სრულიად აბსურდული „ოდენობითი, გრამული თუ მილიგრამული“ შეზღუდვები. მაგრამ ამგვარი ვარაუდი და გამომდინარე სასჯელი ანგრევს უდანაშაულობის პრეზუმფციას და უხეშად ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.
ამავდროულად, ადამიანის დასჯა მხოლოდ იმისთვის, რომ ის მოიხმარს ნარკოტიკულ ნივთიერებას, არის არაადამიანური, „ფაშისტური“ მიდგომა, რომელიც ლახავს „დანაშაულისა და „სასჯელის“ ფენომენებთან საზოგადოების ჯანსაღ მიმართებას. არ შეიძლება თუნდაც კოლოსალური ოდენობით მძიმე ნარკოტიკული ნივთიერების ფლობისთვის (პირადი მოხმარების დეკლარირებული მიზნით, როცა სხვა არ არის დამტკიცებული და ვერც დამტკიცდება), ადამიანი ისჯებოდეს იმაზე მკაცრად, ვიდრე მკვლელობის მცდელობისთვის ან სხვა ადამიანის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის. იმ უგვანი„ ვარაუდით“, რომ მას ეს ოდენობა „ალბათ“ არ სჭირდებოდა მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მთავარი მიზეზი, რის გამოც „ოცნება“ ვერ ბედავს წინა ხელისუფლების მიღებული უსასტიკესი, „მფატრავი“ კანონმდებლობის შეცვლას, სწორედ ამ დილემის გადაწყვეტის უუნარობაა. „ოცნებას“ არც ნიჭი გააჩნია, არც ნება, მიიღოს არაორდინალური, მოულოდნელი, უჩვეულო, მაგრამ სისტემური და მიზანშეწონილი გადაწყვეტილებები, ან გააცნობიეროს მაინც, რომ შიშველი ძალის გამოყენებით, ნიღბოსნების „შევარდნით“, კლუბების დახურვით, ნარკომანთა ციხეებში ამოლპობით პრობლემა არ და ვერ გადაწყდება.
აუცილებელია სისტემურად ახალი, კრეატიული მიდგომა. ერთ-ერთი ვარიანტი უკვე გამოითქვა კიდეც სოციალურ ქსელში: ხსენებული დილემის გადასაჭრელად (ანუ ერთის მხრივ რეპლიკაცია-მულტიპლიკაციის თავიდან ასაცილებლად, ხოლო მეორეს მხრივ მხოლოდ ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადამიანის ციხეში განმწესების სრულიად ფაშისტური პრაქტიკის შესაწყვეტად), ერთადერთი საშუალებაა ისეთი კანონმდებლობის შემუშავება, რომელიც დაეფუძნება მარტივ პრინციპს: „დეკლარირება ნაცვლად ლეგალიზაციისა!“.
1) ყველა მოქალაქე, რომელიც მოიხმარს ნარკოტიკულ ნივთიერებას, ვალდებულია განსაზღვრულ ვადაში (1 თვის განმავლობაში) განაცხადოს ამის შესახებ და მიმართოს შესაბამისი წერილით შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს. ასეთ შემთხვევაში მათ არავითარი სასჯელი არ ეკისრებათ. დეკლარირებაზე უარის თქმა და მავნე ჩვევის დამალვა ისჯება ხანგრძლივი პატიმრობით.
2) სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რეგულარულად მიაწოდოს ნარკომანებს ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც არ იწვევს ურგენტულ (მყისიერ) საფრთხეს სიცოცხლისათვის იმ ფასად, რა ფასადაც ამ ნივთიერებას ეს პირი ყიდულობდა შავ ბაზარზე.
3) კანონით კატეგორიულად იკრძალება სახელმწიფოსგან მიღებული ნარკოტიკული ნივთიერების გაყიდვა ან თუნდაც უსასყიდლოდ გადაცემა ნებისმიერ სხვა პირზე. ასეთი ქმედება ისჯება ხანგრძლივი პატიმრობით.
4) ხანგრძლივი პატიმრობით ისჯება სახელმწიფოსგან მიღებული ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ან სხვა პირის თანდასწრებით. ასევე, სახელმწიფოს გვერდის ავლით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა.
5) იქმნება დეკლარირებულ ნარკომანთა ღია ელექტრონული ბაზა, რომელიც არ იქნება დაცული ინდივიდუალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობით. მაშასადამე, ნებისმიერ მსურველს, ნებისმიერ დროს შეეძლება შეამოწმოს, არის თუ არა კონკრეტული პირი დეკლარირებული ნარკომანი.
6) ნარკომანს, სრულ გამოჯანმრთელებამდე (რასაც ადგენს სახელმწიფო ხანგრძლივი და რთული შემოწმებებით, მათ შორის თმის ღეროს ანალიზის უახლესი ტექნოლოგიით) ეკრძალება დაიკავოს ნებისმიერი თანამდებობა სახელმწიფო სექტორში, ასევე რაიმე პოზიცია კერძო სექტორში, რომელიც დაკავშირებულია ფინანსურ ვალდებულებებთან ან სხვა ადამიანის მართვასთან. მით უმეტეს სამედიცინო და საგანმაანთლებლო ორგანიზაციებში. ბანკებსა და სხვა ფინანსურ ორგანიზაციებს ეკრძალებათ მისთვის სამომხმარებლო ან იპოთეკური კრედიტის გაცემა
7) სახელმწიფო უარს ამბობს დააფინანსოს ნარკომანის სწავლა სახელმწიფო ან კერძო უმაღლეს სასწავლებლებში (ვაუჩერით)
8) ინფორმაცია ნარკომანის შესახებ გადაეგზავნება ევროკავშირს, რომელთანაც მოქმედებს უვიზო რეჟიმი და ყველა სხვა სახელმწიფოს სამართალდამცავ ორგანოს. ამ ინფორმაციაში იგი იქნება დახასიათებული, როგორც პოტენციური საფრთხის შემცველი პიროვნება.
9) იმ ნარკომანებს, რომლებსაც არა აქვთ მატერიალური საშაულება, შეიძინონ ნარკოტიკული ნივთიერება სახელმწიფოსგან, სახელმწიფო (საკითხის დაწვრილებთ შესწავლის შემდეგ) უფასოდ აწვდის ნებისმიერ ნარკოტიკულ ნივთიერებას, ეს მოქალაქე ცხადდება ვალაუვალად და ეკისრება სამუდამო გადასახდელი. იგი იქნება პოლიციის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ყოველ მის შენაძენს მკაცრად აკონტროლებენ შესაბამისი ორგანოები.
ნარკოტიკული ნივთიერების საფასურის თუნდაც ნაწილობრივ ასანაზღაურებლად, ამ მოქალაქეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეკისრება საზოგადოებრივად სასარგებლო სამუშაოები კვირაში 40 საათის განმავლობაში. ამ სამუშაოთა შესრულებაზე უარის თქმა ან არასათანადოდ შესრულება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
10) თუ ნარკომანი გამოთქვამს გულწრფელ სურვილს, განიკურნოს ამ მავნე და სოციალური საფრთხის შემცველი სენისგან, ესე იგი დაიბრუნოს ყველა შეზღუდული უფლება და ამოეწეროს ნარკომანთა ნაციონალური ბაზიდან, სახელმწიფო უფინანსებს მძიმე, ხანგრძლივ და მტკივნეულ რეაბილიტაციის კურსს სპეციალიზებულ დაწესებულებაში, საიდანაც იგი გამოეწერება მხოლოდ სრული განკურნების შემდეგ. ამ დაწესებულებაში იქმნება კომფორტული პირობები, მაგრამ იზღუდება მისი თავისუფლება სრულ რეაბილიტაციამდე, რასაც რამდენიმე წელი დასჭირდება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სხვა გამოსავალი შექმნილი საბედისწერო და სამარცხვინო მდგომარეობიდან მაინც არ იქნება. ხელისუფლება პათოლოგიური სიჯიუტით ვერ ამჩნევს, რომ „ნარკოპრობლემას“ ქვეყანა შეჰყავს ჩიხში. მათ შორის პოლიტიკურ ჩიხში:
ისტორიული ანეგდოტია, რომ მოქმედი ნარკოპოლიტიკის მთავარი მოწინააღმდეგენი და ლეგალიზაცია-დეკრიმინალიზაციის მომხრენი, ასევე საპროტესტო მოძრაობის მთავარი „გულშემატკივრები“ არიან იმათი იდეური, ორგანიზაციული, მენტალური, ღირებულებითი და პროგრამული მოკავშირეები, ვინც ეს არაადამიანური, ანუ მფატრავი, ნამდვილად ფაშისტური ნარკოპოლიტიკა დააფუძნა 2005 წელს - კანონმდებლობაში, მათ შორის სს კოდექსში შეტანილი უსასტიკესი ცვლილებებით. აი ზუსტად ის ხალხი, ვისაც მაშინ და არც მერე (სანამ ხელისუფლებაში იყვნენ) ხმა არ ამოუღია ამის თაობაზე, დღეს გვასწავლის ჭკუას „მფატრავი ნარკოპოლიტიკის“ არაადამიანურობის თაობაზე.
თუმცა, ამგვარი ცინიზმი პოლიტიკის კანონია, პოლიტიკის კანონებს კი ვერაფერი შეცვლის. პასუხისმგებლობა ნებისმიერ შემთხვევაში ეკისრება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას. ამდენად, საკუთარ სისუსტეს, უუნარობას, მხოლოდ ჩლუნგი ძალის იმედად ყოფნას და გამომდინარე უმძიმეს შედეგებს იგი ვერავის ვერაფრით „გადააკისრებს“
ნიკა იმნაიშვილი