ექსპერტ სოსო ცინცაძის შეფასებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების შემდეგ რუსეთის ბიუჯეტში ორი შავი ხვრელი გაჩნდა.
"რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებაში ძალიან ძვირი გადაიხადა. რუსული სლოგანი "ფასს ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს" აქაც გაამართლეს. კრემლმა დიდი ფასი გადაიხადა, საბოლოოდ კი ბიუჯეტში ორი შავი ხვრელი მიიღო. კერძოდ, აღიარების შემდეგ ცხინვალისა და სოხუმის შენახვა მთლიანად რუსეთს დააწვა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ცინცაძემ.
მისი შეფასებით, რუსეთს კიდევ უფრო ძვირი დაუჯდება სამომავლოდ ახალი სახელმწიფოსგან აფხაზეთის და ცხინვალის ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
"ყოველი ახალი სახელმწიფო, ვინც ამ ტერიტორიების აღიარებას დააპირებს, რუსეთისგან ძალიან დიდ ფულს მოითხოვს. დღეს ყველამ იცის ვაჭრობა და როცა ნაურუს ამდენს გადაუხდი, მაშინ სხვა 10-ჯერ მეტს მოითხოვს. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების კუთხით "კლიენტები" ძალიან ცოტა არიან, მაგრამ ძალიან ხარბები", - აღნიშნა ცინცაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა, კრემლმა ამავე წლის 26 აგვისტოს აფხაზეთის და ე. წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.
ორი წლის განმავლობაში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე. წ. დამოუკიდებლობა მხოლოდ ნაურუმ, ნიკარგაუმ და ვენესუელამ ცნეს.