ვისოლმა "ქუთაისის "ტორპედოს " გულშემატკივრებს 1 თვის მუშაობის შედეგები გააცნო. გუნდის ახალმა მფლობელმა ლეგენდარულ საფეხბურთო კლუბ "ტორპედო ქუთაისს" ისტორიული სახელი დაუბრუნა და მისი განვითარებისთვის ყოველწლირად 2 მილიონამდე ლარის ინვესტიციას გეგმავს.
"ტორპედო ქუთაისის განვითარებას ოთხი მიმართულებით ვგეგმავთ. პირველი იქნება საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარება. გაგრძელდება სტადიონის საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობა და შეიქმნება კლუბისათვის და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისათვის საჭირო თანამედროვე საწვრთნელი ბაზა. მეორე მიმართულება გუნდის გაძლიერება იქნება. უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილების მქონე რამდენიმე ფეხბურთელი უკვე დავიმატეთ. მესამე მიმართულება გულშემატკივართა მხარდაჭერის გაზრდაა და ამ კუთხით ქუთათურების იმედი გვაქვს. მეოთხე მიმართულება ბავშვთა ფეხბურთის განვითარება იქნება. გვჯერა, რომ ამ სტადიონზე კიდევ არაერთ ცნობილი ფეხბურთელი გაიზრდება", - აცხადებს ვისოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ტორპედო ქუთაისის კლუბის პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე.
ტორპედო ქუთაისზე მზრუნველობა ვისოლმა დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო. პირველ ეტაპზე გუნდი ახალი მწვრთნელით გაძლიერდა. ‘‘ტორპედო ქუთაისს" 2008-2009 წლებში საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად აღიარებული ნესტორ მუმლაძე ჩაუდგა სათავეში. ვისოლ ჯგუფის ნაწილად ქცეულმა განახლებულმა გუნდმა უკვე წინა სასეზონო 11 ამხანაგური შეხვედრიდან 10 გამარჯვებით დაასრულა და მხოლოდ 1 ითამაშა ფრედ.
ვისოლ ჯგუფს ქართული სპორტის განვითარებისთვის არაერთი პროექტი განუხორციელებია. ლეგენდარული ფეხბურთელის, მიხეილ მესხის სახელობის საფეხბურთო სკოლა "ავაზას" სრული რეაბილიტაცია ვისოლ ჯგუფმა 2009 წელს დაასრულა და უძველესი სკოლა უეფას სტრანდარტების შესაბამისად მოეწყო. სკოლაში დღეისათვის სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში დაახლოებით 350 ბავშვი ვარჯიშობს. ვისოლმა 2008 წელს შეისყიდა უძველესი ქართული რაგბის კლუბი "ყოჩები", რომელიც უკვე "ვისოლი-ყოჩების" სახელით წარმატებით იღებს ასპარეზობებში მონაწილეობას. ამას გარდა, ვისოლმა ოთხი სპორტ-კომპლექსი შექმნა თბილისში სხვადასხვა სპორტული სახეობისთვის, რომელიც ყოველთვიურად 1000-მდე ბავშვის ჯანსაღ მომავალზე ზრუნავს.