დღეს სომხეთში საქართველოს ახალმა ელჩმა გრიგოლ ტაბატაძემ სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს რწმუნებათა სიგელები გადასცა. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალზე სომხეთის პრეზიდენტმა საქართველოს ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
"ხანგრძლივი ისტორიული გზა გავიარეთ და ჩვენი წარსული გვავალდებულებს, კიდევ უფრო გავაღრმაოთ მეგობრული ურთიერთობები და უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ. მართალია, ჩვენი ურთიერთობების დღევანდელი დონე ძალიან მაღალია, მაგრამ ის მუდმივ ყურადღებასა და სრულყოფილებას საჭიროებს. სწორედ ამიტომაც ჩვენი ქვეყნების ელჩებმა ინტენსიურად უნდა ითანამშრომლონ. ვფიქრობ, არ ვიყენებთ ჩვენი შესაძლებლობების სრულ პოტენციალს და ამიტომაც შეგვიძლია თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები გავხსნათ", - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა.
ტაბატაძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტიც ასევე ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთთან ურთიერთობების განვითარებას და მიიჩნევს, რომ მეგობრობასა და თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს. ტაბატაძემ აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა დიდად აფასებს სომხეთის პრეზიდენტის ხედვას და მიიჩნევს, რომ სარქისიანი არის სწორედ ის პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც იხედება მომავალში ისე, რომ წარსულს არ ივიწყებს.
მხარეები ერთსულოვნნი იყვნენ იმაში, რომ ორ ქვეყანას შორის არ არსებობს ისეთი საკითხები, რომელთა გადაჭრა ერთობლივი მსჯელობითა და დიალოგით შეუძლებელია. შეხვედრისას საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებსა და ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობას.
სომხეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ახალი ელჩი სომხეთში დიდ წვლილს შეიტანს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში და პირობა დადო, რომ მის საქმიანობას სომხეთის სახელმწიფო ორგანოებთან ხელს შეუწყობს.