გროზნოში, ერთ-ერთ სახლში ბლოკირებული "ბოევიკების" წინააღმდეგ დაგაგმილი სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ჩეჩნეთის პრეზიდენტზე რამზან კადიროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
"განადგურებულია ორი ბოევიკი. მათი ვინაობა დგინდება. განადგურებული ბოევიკები გროზნოში, ზავოდის რაიონში მომხდარ მილიციელების მკვლელობაში მონაწილეობდნენ", - განაცხადა კადიროვმა.
მისი ინფორმაციით, სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო, მას შემდეგ რაც მილიციამ გროზნოს ერთ-ერთ რაიონში "ბოევიკების" ბინა აღმოაჩინა. კორპუსი ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ალყაში მოაქციეს. ორმხრივი სროლის შედეგად ერთი მილიციელი დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს დასაწყისში უცნობებმა გროზნოს რაიონული მილიციის განყოფილების ხელმძღვანელი და საპატრულო სამსახურის მეთაური დაცხრილეს.