აფხაზ და ოს სეპარატისტთა ლიდერები სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი საქართველოს მხრიდან შესაძლო სამხედრო პროვოკაციებზე საუბრობენ.
"2008 წლის აგვისტოს მოვლენების განმეორების შესაძლებლობის გამორიცხვა არ შეიძლება. მე ამას ვამბობ იმიტომ, რომ თვალყურს ვადევნებ იმას თუ როგორ აიარაღებენ საქართველოს დასავლეთის ქვეყნები", _ აცხადებს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომამდე იგი აფრთხილებდა საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სამხედრო გეგმების შესახებ, - "მაგრამ ჩვენ არავინ გვისმენდა. და მოხდა ის რაც მოხდა", _ აცხადებს ბაღაფში.
"დღესაც დასავლეთი ფაქტიურად უბიძგებს საქართველოს ახალი აგრესიისაკენ. ამასთან ერთად, რუსეთის მადლით, უკვე შექმნილია სულ სხვა სიტუაცია ვიდრე 2008 წელს იყო და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ახალი პროვოკაციები უკვე აღარ შერჩება", _ აცხადებს ბაღაფში.
ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი კი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოში იარაღის შეტანაზე სანქციები დააწესოს.
"დღეს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის, აფხაზეთისა და ოსეთის სამშვიდობო ინიციატივებს გმობს და ძალის გამოუყენებლობის მემორანდუმზე ხელის მოწერაზე უარს აცხადებს", _ აცხადებს კოკოითი.
მისივე თქმით, შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ "საქართველო რიგი დასავლეთის ქვეყნების დახმარებით სამხედრო რევანშისათვის ემზადება. მინდა მივმართო დასავლეთის ქვეყნებს და მათ მოვუწოდო საქართველოსათვის იარაღის მიწოდება შეწყვიტონ", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერი.