9 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მთავარი აღმასრულებელი მმართველი ლინდა დიუფილდი ხელს მოაწერენ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც საფუძველს ჩაუყრის საქართველოს პარლამენტის შესაძლებლობათა განმტკიცების ოთხწლიანი პროგრამის განხორციელებას.
პროგრამა მიზნად ისახავს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო, ზედამხედველობითი და წარმომადგენლობითი ფუნქციების შესრულების მხარდაჭერას მათი ეფექტიანი საქმიანობის განმტკიცების გზით. ამასთანავე, პროგრამა ითვალისწინებს პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა შესაძლებლობების განმტკიცებას, რათა მათ შესძლონ სამუშაო პროცესში პარლამენტის წევრებისთვის პროფესიონალურ დონეზე დახმარების გაწევა. პროგრამის ფორმატი ითვალისწინებს ტრეინინგებს და სემინარებს, მივლინებებს დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, პარლამენტარების გაცვლით ვიზიტებს და ა.შ.
პარლამენტებისა და დემოკრატიის ვესტმინსტერის კონსორციუმი(The Westminster Consortium for Parliaments and Democracy), რომელსაც ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი ხელმძღვანელობს, დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის (DFID) მმართველობისა და გამჭვირვალობის ფონდის (Governance and Transparency Fund) მხარდაჭერით საპარლამენტო განმტკიცების პროგრამას მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში - საქართველო, უკრაინა, ლიბანი, უგანდა და მოზამბიკი - ახორციელებს.
კონსორციუმი რამდენიმე ორგანიზაციას აერთიანებს, რომელთა ერთობლივი საქმიანობა მიმართულია საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერებისკენ. აღნიშნული საქმიანობა წარიმართება შემდეგი მიმართულებებით: საპარლამენტო პროცესი და მართვა, ფინანსური ზედამხედველობა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ურთიერთობების ხელშეწყობა.