საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჭავჭავაძის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე ახალგაზრდების სამხედრო-პატრიოტულ აღზრდაზე ისაუბრა.
"ჩვენ ხელახლა ვქმნით კადეტთა კორპუსებს. რამდენიმე ათასი ახალგაზრდა წავა იქ. 14 წლის ასაკიდან, 4 წლის განმავლობაში, ბავშვები ოფიცრებად მომზადდებიან. შევუქმნით ყველანაირ პირობებს. რაგორი თანამედროვეც არ უნდა გავხდეთ, არ შეიძლება, არ გვყავდეს ძლიერი შეიარაღებული ძალები. ამას მექანიკურად ვერ გავაკეთებთ, თუ არ გავზრდით ოფიცრებს", _ განაცხადა მან.
სააკაშვილმა ქვეყანაში ოფიცრების მომზადების აუცილებლობაზე ისაუბრა.
"ქართველებს სულისკვეთება არასოდეს აკლდათ. ქართველები ძალიან ძლიერი ჯარისკაცები არიან, პროფესიონალები. სამხედრო ოპერაციებში დაღუპულთა ერთ ოჯახსაც კი არ დასცდენია საყვედური სახელმწიფოს მიმართ. ეს სხვა მენტალიტეტის ხალხია, მაგრამ ოფიცრები თუ არ გვეყოლება, არაფერი გამოვა. ხვალვე მზად არის 200 ათასი ქართველი, აიღოს ხელში იარაღი და რეზერვისტებში ჩაეწეროს. მაგრამ მეთაურის გარეშე არ მოხდება, ჩვენ მეთაურებს ხელოვნურად არ შევქმნით", _ განაცხადა სააკაშვილმა.
მისი განცხადებით, რუსეთმა საქართველოში ოფიცრების გაზრდას ხელოვნურად შეუშალა ხელი.
"ჩვენ გვყავდა მეთაურები 1918-21 წლებში. რუსეთმა გაითვალისწინა ეს გამოცდილება და ოფიცრები აღარ დაუშვა საბჭოთა კავშირის ჯარში. ამ ოფიცრებმა გაუმწარეს მათ სიცოცხლე ჯერ იმით, რომ პოლონელებთან ერთად ხელჩაკიდებულები დადგნენ და გადაარჩინეს პირველი რუსული შემოტევისგან და ამით 20 შეუნარჩუნეს დამოუკიდებლობა და შემდეგ ესპანეთში დაამარცხეს პროკომუნისტური ძალები", _ განაცხადა სააკაშვილმა.