დღეს, 6 აგვისტოს, გორის რაინის სოფელმა ტინისხიდმა გაზი მიიღო. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ბადრი ყულუმბეგაშვილის მრავალშვილიან ოჯახში გაზის ანთებას დაესწრნენ.
საპრეზიდენტო პროგრამის «გაზი ყველა სოფელს» ფარგლებში სს «იტერა - საქართველომ» და შპს «გორიგაზმა» გორის რაიონის სოფელ ტინისხიდის გაზიფიცირების პროექტი დაასრულეს.
პროექტი მოიცავდა 4 კილომეტრიანი სიგრძის ახალი გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობას. ამჟამად სოფელ ტინისხიდის 180 ოჯახი იღებს ბუნებრივ აირს, ხოლო უახლოეს პერიოდში მათ რიცხვს კიდევ 400 აბონენტი დაემატება.
სს «იტერა - საქართველო» აგრძელებს გორის რაიონის სოფლების გაზიფიცირებას. 2010 წელს ჩატარებული სამუშაოების შედეგად აბონენტთა რაოდენობა გაიზარდა 1100 ერთეულით.