ვისურვებ, ჩვენი ენერგია მივმართოთ იმ საქმეების მოგვარებაზე, რისთვისაც ხალხმა აგვირჩია და არა შიდა საუბრების თუ განწყობების გარჩევაზ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, რაც იყო საჯაროდ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნები, უნდა დასრულდეს.
„არ მიმაჩნია, რომ იყოს კარგი სტანდარტი პირადი მიმოწერების, პირადი საუბრების, კერძო სივრცის საჯარო სივრცეში გადმოტანა. ეს აკრძალული გვაქვს კანონმდებლობით და აუცილებელია, ყველამ დაიცვას ეს სტანდარტი. ფორმულირება „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი“ შეიძლება ყველაფერზე გამოიყენო, მაგრამ ეს არ ეხება საჯარო სივრცეს.
არაფერი არ ხდება საგანგაშო. რაც იყო საჯაროდ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნები, უნდა დასრულდეს. შესაძლებელია, შიგნით უმრავლესობამ, პოლიტიკურმა გუნდმა ძალიან მშვიდად და ძალიან აკადემიურად ყველა საკითხზე ვიმსჯელოთ და ვისაუბროთ. ეს აღარ არის საჯარო სივრცეში განსახილველი საკითხები და დიდი სურვილი მაქვს, დასრულდეს ამ თემებზე სიუჟეტებიც და კომენტარებიც.
მე არ ვფიქრობ, რომ გუნდში კრიზისია, არ ვფიქრობ, რომ ეს არის ისეთი მოცემულობა ან ისეთი ხდება რაიმე, რომ შეუძლებელია დიალოგითა და საუბრით გადაწყვეტა. ვისურვებ, ჩვენი ენერგია მივმართოთ იმ საქმეების მოგვარებაზე, რისთვისაც ხალხმა აგვირჩია და არა შიდა საუბრების თუ განწყობების გარჩევაზე“, - განაცხადა ბესელიამ.