მემანქანეებისთვის ხელფასების გაზრდა არ იგეგმება, რადგან მათ საკმარისი ხელფასი აქვთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელფასი დაახლოებით, 1200, 1300, 1400, 1500 ლარი, გააჩნია მემანქანეს.
„მემანქანეებისთვის ხელფასების გაზრდა არ იგეგმება, რადგან მათ საკმარისი ხელფასი აქვთ - დაახლოებით, 1200, 1300, 1400, 1500 ლარი, გააჩნია მემანქანეს. ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ გვაქვს მთელი რიგი მიმართულებები, სადაც ხელფასების თვალსაზრისით სერიოზული პრობლემებია, თუნდაც ბაღების მიმართულებით. ადამიანები დღე და ღამე მუშაობენ, აქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობები და ხელფასი 300-400 ლარი აქვთ, დირექტორებს - 800 ლარი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცოტაა. რაც შეეხება მეტროს მემანქანეებს, საკმარისი არასდროს არაფერი არ არის, თუმცა მომდევნო წლებში ქვეყნის ეკონომიკის და ქალაქის განვითარებასთან ერთად, ხელფასის მატება გონივრულობის ფარგლებში უნდა იყოს“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეებმა 2 აპრილს საათობრივი ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ისინი საათში ხელზე ასაღები ამჟამად არსებული 7 ლარიდან თანხის 10 ლარამდე გაზრდას ითხოვენ.