დღეს, ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში თბილისის "დინამო" გრაცის "შტურმს" უმასპინძლებს. "დინამო"-"შტურმის" მატჩი ეროვნულ არენაზე 20:30 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 2 ლარია. შეხვედრას სერბი მსაჯები გაუძღვებიან. მატჩის მთავარი არბიტრი მილორად მაჟიჩი იქნება.
"დინამოს" დღევანდელ შეხვედრაში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, თავდამსხმელი მათე ვაწაძე უბრუნდება, რომელმაც ერთი კვირის წინ ავსტრიულ მატჩში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა. შეგახსენებთ, რომ ის მატჩი "დინამომ" 0-2 წააგო. შემდეგ ეტაპზე გასვლისათვის თბილისელებს დღევანდელ მატჩში სამბურთიანი ჰანდიკაპით გამარჯვება ესაჭიროებათ. იმ შემთხვევაში, თუ "დინამო" ავსტრიელებს ანგარიშით 2-0-ს დაამარცხებს, დამატებითი დრო დაინიშნება.