დღეს, 5 აგვისტოს, ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის ვინაობა გახდება ცნობილი. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, მინისტრი ვერა ქობალია ახალ თავმჯდომარეს თავად წარადგენს.
ეკონომიკისა და მგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადების მიღება 31 ივლისს ამოიწურა. სამინისტრომ პროექტის - "საქართველოს ტურიზმისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარება"'ავტორი და იმავდროულად ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯომარე უნდა გამოავლინოს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კონკურსი 21 ივლისს გამოაცხადა. კონკურსის მიზანია საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაცია; ტურისტთა შემოყვანისა და შიდა ტურიზმის განვითარების პროცესის ხელის შეწყობა; ტურიზმის სფეროში დასაქმებულ კერძო მეწარმეებისთვის ხელის შეწყობა; მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე გასვლა, დამკვიდრება. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ხელს შეუწყობს ტურიზმის მარკეტინგის, საერთაშორისო ბიზნესის, ინოვაციური და სტრატეგიული კუთხით კვალიფიცირებული და კრეატიული კადრების გამოვლენას.
კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში, ტურიზმის მენეჯმენტსა და ეკონომიკაში, ან ჩამოთვლილ პოზიციებზე არა ნაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გამარჯვებული პროექტი შერჩეული იქნება ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და საკითხის აქტუალობის შესაბამისად. საუკეთესო პროექტის ავტორსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პროექტის შემდგომი ეტაპების განვითარების ხელშესაწყობად.
შეგახსენებთ, რომ ტურიზმის დეპარტამენტის ტავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საქათველოს პრეზიდენტმა ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლისას ზაალ აბაზაძე არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა.