მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა ამ ორი წლის განმავლობაში, როგორც ჩანს, პრაქტიკულად ვერავითარი გაკვეთილი ვერ გაითავისა, _ განაცხადა 2008 წლის აგვისტოში მომხდარ რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.
რუსული სააგენტო "იტარ-ტასისთვის" მიცემულ ინტერვიუში კარასინი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ჩიხში მიდის და იგი ვერავითარ შედეგს ვერ მოიტანს.
"ერთი მხრივ, ქართველმა "სტრატეგებმა" მოამზადეს რაღაც დოკუმენტი, რომელიც გარეგნულად აფხაზ და ოს ხალხებთან ნორმალური ურთიერთობის დამყარებისკენაა მიმართული და მასში არის მოწოდება არსებული პრობლემების მოგვარებისა. მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს "სეპარატისტების" კრიტიკას, ჯიუტად აცხადებს უარს სიმართლისთვის თვალის გასწორებაზე და რეგიონში შექმნილი ახალი რეალობების აღიარებაზე", _ აცხადებს კარასინი.
მისი თქმით, ქართულ საზოგადოებას შეგნებულად ახვევენ თავს აზრს, აწ უკვე დამოუკიდებელი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "ერთიანი" საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების შესახებ.
"საერთაშორისო ორგანიზაციებში დელეგაციები თბილისიდან აქტიურად წარმოადგენენ რაღაც პროექტებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მოჩვენებითად მაინც ინარჩუნებს ადრინდელ საზღვრებში. ასეთი პოზიცია კი ჩიხისკენ მიდის და არავითარი შედეგის მომტანი არ იქნება", _ აცხადებს კარასინი.