"საქართველოს გზის" ლიდერის, სალომე ზურაბიშვილის აზრით, ხელისუფლებას 7 ნოემბრის "უბედურების" თავიდან აცილება შეეძლო.
"ხელისუფლებას შეეძლო 7 ნოემბრის უბედურების თავიდან აცილება, მაგრამ ეს არ გააკეთა. ხალხის დარბევის გადაწყვეტილება და ის დღე არის წყალგამყოფი - 7 ნოემბრამდე რაღაცის გამოსწორების იმედი კიდევ არსებობდა, მაგრამ 7 ნოემბრის შემდეგ საქართველო მმართველობის ძველ სისტემას დაუბრუნდა", - განუცხადა ზურაბიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების კიდევ ერთხელ შეფასებისას, საიდანაც 2 წელი სრულდება.
ამ დღის აღსანიშნავად "საქართველოს გზა" პოლიტიკურ პარტიებს სასტუმრო "რედისონში" ეპატიჟება, სადაც 7 ნოემბერის მოვლენებს კიდევ ერთხელ შეაფასებენ. აღნიშნულის გარდა, ზურაბიშვილი ოპოზიციონერ კოლეგებს სააკაშვილის 6-წლიანი მმართველობის ანგარიშის წარდგენის წინადადებითაც მიმართავს.
"7 ნოემბრისა და მიხეილ სააკაშვილის მმართველობის შეჯამების შემდეგ კი, დაგეგმილ აქციას შევუერთდები და ისევ დავდგები იქ, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერს ვიდექი", - განმარტა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბერს, 2007 წლის 7 ნოემბრის ცნობილი მოვლენებიდან ორი წელი სრულდება. 2007 წლის 7 ნოემბერს, 5-დღიანი საპროტესტო მიტინგების შემდეგ, ხელისუფლებამ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მანიფესტაცია ძალის გამოყენებით დაშალა. იმ დღეს მოსახლეობა წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით 4-ჯერ დაარბიეს.