საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოფელ ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების გათავისუფლებას რუსული მხარისგან მოითხოვს.
"მოვუწოდებთ მსოფლიო საზოგადოებრიობას, წინ აღუდგეს რუსი ოკუპანტების პროვოკაციებს და მოვითხოვთ რუსეთის მხარისაგან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეების დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
განცხადებაში 4 ქართველი არასრულწლოვანის გატაცება "სრულიად ამორალურ", "უზნეო" და "ადამიანურობასთან შეუთავსებელ ქმედებად" არის შეფასებული.
"ბოლო პერიოდში, ეს უკვე მესამე ფაქტია, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ჯარები და მათი მარიონეტები იტაცებენ ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარე რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას და უყენებენ მათ სრულიად აბსურდულ ბრალდებებს. განუკითხაობამ ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიაზე, სრულიად ამორალური, უზნეო და ადამიანურობასთან შეუთავსებელი ფორმები მიიღო. გაიტაცეს სკოლის მოსწავლეები და ისინი ტერორიზმში დაადანაშაულეს. იმის ნაცვლად, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ეძებოს ვირტუალური ტერორისტები, უპრიანი იქნება, რუსეთის მხარემ ყურადღება მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში გამეფებულ განუკითხაობასა და ადამიანების უფლებების მასობრივ დარღვევებზე გაამახვილოს. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ამ პროვოკაციის მიზანი ნათელია: კრემლი ცდილობს ჩაითრიოს საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობა კონფლიქტში, რათა შემდგომ გაამართლოს თავისი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. ამ განზრახვის განსახორციელებლად მოსკოვი არ თაკილობს არანაირ საშუალებას, თვით მშობელთა გრძნობებზე თამაშსაც კი", - აღნიშნულია ვაშაძის უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საშუალო სკოლის მოსწავლეები: გიორგი რომელაშვილი (დაბადებული 1995 წელს), ალეკო საბანაძე (დაბ. 1995 წელს) ვიქტორ ბუჩუკური (დაბ. 1993 წელს) და ლევან ხმიადაშვილი (დაბ. 1992 წელს), სოფელ ტირძნისის მიმდებარე ტერიტორიიდან 4 ნოემბერს, ნაშუადღევს დაიკარგნენ.