"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, "7 ნოემბრის ცნობილი მოვლენების დროს ხელისუფლებამ სისასტიკის თვალსაზრისით გინესის სარეკორდო მაჩვენებელი აჩვენა".
როგორც ბერძენიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, "ხელისუფლება არაადეკვატური და ისტერიული იყო".
"ხელისუფლებას ხალხის ინტერესები არ აღელვებდა, თორემ საზოგადოების მოთხოვნის შესრულება მარტივი იყო. ხალხი მხოლოდ იმას ითხოვდა, რომ ხელისუფლებას კონსტიტუცია არ შეეცვალა და არჩევნები განსაზღვრულ ვადაში ჩატარებულიყო. შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ხელისუფლებას ძალიან შეეშინდა და არაადეკვატური მოქმედება დაიწყო - გახსოვთ გივი თარგამაძის ისტერიული გამოსვლები? ყველა იმაზე მიუთითებდა, რომ ხელისუფლებას პანიკური შიში დაეუფლა, ერთ დღეში მოსახლეობა 4-ჯერ დაარბია და ამით სისასტიკის თვალსაზრისით გინესის სარეკორდო მაჩვენებელი აჩვენა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ბერძენიშვილმა.
მისი განმარტებით, სააკაშვილის მმართველობამ მოღვაწეობა სწორედ ორი წლის წინ, 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ დაასრულა.
"მაშინვე შეგვეძლო გვეთქვა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნა წარუმატებელი აღმოჩნდა", - განმარტა მან.
რაც შეეხება იმას, შეურთდება თუ არა "რესპუბლიკელები" ნოემბრის ორი წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ აქციას, ბერძენიშვილის თქმით, ამის თაობაზე პარტია გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 7 ნოემბერს, 2007 წლის 7 ნოემბრის ცნობილი მოვლენებიდან ორი წელი სრულდება. 2007 წლის 7 ნოემბერს, 5-დღიანი საპროტესტო მიტინგების შემდეგ, ხელისუფლებამ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მანიფესტაცია ძალის გამოყენებით დაშალა. იმ დღეს მოსახლეობა წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით 4-ჯერ დაარბიეს.