ვლადიმერ პუტინის მეოთხე ვადით „არჩევის“ შემდეგ, რუსულ ტელეარხებზე ჭკვიანურად გაკეთებული პროპაგანდისტული ფილმების ჩანჩქერია. „ჭკვიანურად გაკეთებული“ იმიტომ, რომ არ არის აუცილებელი ავტოკრატი მმართველის შესახებ იტყუებოდე: „ყველა საგანში ფრიადი ჰყავდაო“. ბევრად კრეატიულია თქვა სიმართლე: „ზოგჯერ სამიანებიც გამოჰყვებოდა.......“ - ეს უფრო „ადამიანურად აღქმადია“ რადგან ტელემაყურებელთა უმრავლესობაც „სამოსანია“.
ერთ-ერთ ამგვარ ფილმში, რომელსაც რუსების უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა, პუტინი ამბობს საოცარ, გარკვეული აზრით შემაძრწუნებელ ფრაზას: „რად გვინდა დედამიწა, თუკი მასზე არ იქნება დიადი რუსეთი?“
და ამას ამბობს ბირთვული სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც თეორიულად ნამდვილად შეუძლია რამდენჯერმე (ერთხელ კი არა, რამდენჯერმე!) მოსპოს იგივე დედამიწა.
ყველაზე მეტად სწორედ ეს ფრაზა მოეწონათ; ისევე, როგორც თავის დროზე ..... "Мочить в сортире"
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ოღონდ იმავე „სამოსნებზე“ გათვლილმა ამ თავხედურმა პროპაგანდისტულმა ტრიუკმა შეცდომაში არ შეგვიყვანოს: პუტინი იმპერიული სისტემის პირმშო, თავკაცი და მისი განსახიერებაა. ეს სისტემა საუკუნეებს ითვლის და სწორედაც საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული გეოპოლიტიკური პრიორიტეტების მიხედვით მოქმედებს. შესაბამის „ტექნოლოგიებსაც“ იყენებს, რომელთაგან Devide et impera (დაჰყავი და იბატონე) ერთ-ერთი ყველაზე არსებითია.
რა თქმა უნდა, უპირველესად ის უნდა გვაინტერესებდეს, საქართველოს მიმართ როგორ მოქმედებს ეს „ტექნოლოგია“. ოღონდ ეს კითხვა, ისევ და ისევ, პირდაპირ უკავშირდება უფრო ღრმა საკითხს: თუ „რა უნდა რუსეთს“ საქართველოსგან.
წინა სტატიამ ამ თემაზე, სოციალურ ქსელში საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. თუმცა დისკუსიის რამდენიმე მონაწილე რეზონულად შენიშნავდა, რომ Status quo ante bellum შენარჩუნება არ შეიძლება იყოს დიდი და აგრესიულად „პროაქტიული“ სახელმწიფოს გრძელვადიანი პოლიტიკა. ეს სისტემურად ეწინააღმდეგება გეოპოლიტიკის კანონებს, რაკი „სტატუს ქვო“ საშუალებაა და არა მიზანი.
მოკლევადიან პერსპექტივაში ამგვარი პოზიცია და პოლიტიკა კრემლს ნამდვილად აქვს: ბოლო 25 წლის განმავლობაში, სანამ შედარებით სუსტი იყო, ყოველნაირად ცდილობდა შეენარჩუნებინა ის ვითარება, რაც აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ გარშემო ჩამოყალიბდა სოხუმის დაცემის შემდეგ - 1993 წლის ბოლოსთვის. ხოლო შემდგომი აგრესია განაპირობა საქართველოს მცდელობამ (1998 წლიდან) რეალურად შეეცვალა „სტატუს-ქვო“, დაახლოებოდა დასავლეთს, „დაეკაკუნებინა“ NATO-ს კარებზე და ამოეღო საქართველოს სახელმწიფოებრივი სხეულიდან (2004წ) „შეყოვნებული მოქმედების ნაღმი“ ცხინვალის ცოფიანი ტერორისტული რეჟიმის სახით.
როგორც კი ამ ნაღმს შევეხეთ მისი გაუვნებლების მიზნით (ჯერ კიდევ 2004 წელს!) მაშინვე ააფეთქა, ანუ გადაიყვანა ჯერ „დაბალი ინტენსივობის კონფლიქტის“, შემდეგ „სრულმასშტაბური ომის“ სტადიაში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ეს ყოველივე გასაგებია და უკვე მრავალჯერაა აღწერილი. ისიც ცხადია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთის მიზანია ყოფილი სსრკ ტერიტორიაზე შექმნას ახალი ყაიდის „მოსკოვური სახელმწიფო“, რომელიც არა დრომოჭმულ სოციო-კომუნისტურ წყობას, არამედ მართვად „სახელმწიფო კაპიტალიზმს“ დაეფუძნება.
მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, საშუალოვადიან პერსპექტივაში „რა უნდა რუსეთს“ და რა ტექნოლოგიას გამოიყენებს საბოლოო მიზნის მისაღწევად. ანუ რას სთავაზობს დღეს ან რას შესთავაზებს უახლოეს მომავალში მოსკოვი იმ ქართველ პოლიტიკოსებს (მაგალითად ნინო ბურჯანაძეს) ვინც „მოსკოვთან დიალოგით“ აპირებს პრობლემების გადაწყვეტას.
„საშუალოვადიანი იმპერიული პროექტი“, თავის მხრივ, არც ისე რთული განსამარტია და სულაც არ არის საიდუმლო. გავიხსენოთ როგორ ვითარდებოდა მოვლენები ჯერ კიდევ 1990-იან წლებში: ერთ-ერთ პირველ პრეს-კონფერენციაზე მოსკოვში, აფხაზური სეპარატიზმის ლიდერმა, ვლადისლავ არძინბამ განაცხადა: „ჩვენ არ ვამბობთ უარს საქართველოსთან კავშირზე, მაგრამ ჰორიზონტული და არა ვერტიკალური კავშირების მომხრენი ვართო“.
1997 წელს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პრიმაკოვმა არძინბა თბილისში ჩამოიყვანა და ედუარდ შევარდნაძესთან ხანგრძლივი მოლაპარაკებები გამართა. თან ჩამოიტანეს მზა დოკუმენტი „საქართველოსა და აფხაზეთის ორსუბიექტური ფედერაციის“ (რეალურად ქართულ-აფხაზური კონფედერაციის) შესახებ - „ჩეხეთ-სლოვაკეთის“ მსგავსად.
ოღონდ ეს კონფედერაცია იქმნებოდა იმ პირობით, რომ ქართული მხარე ფარულად უარს იტყოდა აფხაზეთში ქართველ ლტოლვილთა უმრავლესობის დაბრუნებაზე. ანუ არც არძინბას, არც მოსკოვის „პროექტები“ და მათ მიერ ნაგულისხმევი „ჰორიზონტული კავშირები“ არ გულისხმობდნენ და აღარც ოდესმე იგულისხმებოდნენ ლტოლვილთა უმრავლესობის დაბრუნებას!
ბუნებრივია, ედუარდ შევარდნაძე ამას ხელს არ მოაწერდა; წინააღმდეგ შემთხვევაში ასეულობით ათასი ლტოლვილის რისხვას მიიღებდა 1998 - 2000 წლების „საარჩევნო ციკლის“ წინ.
დაახლოებით ასეთივე პროექტს გვთავაზობდა მოსკოვი „სამხრეთ ოსეთთან“ დაკავშირებით: „ჰორიზონტული კავშირები“. ოღონდ ქალაქ ცხინვალში ქართველი ლტოლვილების დაბრუნებისა და საქართველოს რეალური იურისდიქციის გავრცელების გარეშე.
1998 წელს, ევროპელმა „სასარგებლო იდიოტებმა“ - თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის რომ „შუამავლობდნენ“, - კონკრეტული დოკუმენტის პროექტიც კი დადეს მოსკოვის....... „თხოვნით“, რომელშიც ეწერა: „მომავალი კონფედერაციის სახელწოდებაზე მხარეები დამატებით კონსულტაციებს გამართავენ“. ანუ, იგულისხმებოდა, რომ საქართველოს, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კავშირს დაერქმეოდა „სამხრეთ კავკასიის კონფედერაცია“ ან რაღაც მსგავსი. ოღონდ, ისევ და ისევ, ლტოლვილთა დაბრუნების გარეშე, რადგან აფხაზეთში ასეულობით ათასი ქართველის დაბრუნება იქ თბილისის იურისდიქციას, დროთა განმავლობაში, რეალობად და არა „ქაღალდზე დაწერილად“ აქცევდა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ახლა გავიხსენოთ უფრო გვიანდელი მოვლენები: იმავე აფხაზ სეპარატისტთა მეორე ისტორიულმა ლიდერმა, სერგეი შამბამ მოჰყვა: 2008 წლის აგრესიის შემდეგ (!) რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ორივე სეპარატისტული რეგიონის „ლიდერშიპს“ სთავაზობდა „აფხაზურ-ოსური კონფედერაციის“ გაფორმებას. თანაც იმ პერსპექტივით, რომ თბილისში ხელისუფლების შეცვლისთანავე, „სამხრეთ კავკასიურ კონფედერაციას“ საქართველოც შეუერთდებოდა! ეს ჭორი არ არის. მოსკოვში შამბას განცხადება არავის უარუყვია. პირიქით, დაადასტურეს კიდეც.
„მედვედევის“ კონფედერაციული პროექტიც არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობდა ლტოლვილთა დაბრუნებას.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რატომ სურს რუსეთს ამგვარი „კონფედერაციის“ შექმნა? იმიტომ, რომ კონფედერაცია და მისი „ჰორიზონტული კავშირები“ კრემლს საშუალებას მისცემს, აფხაზური და ოსური „კლიენტურის“ მეშვეობით აკონტროლოს თბილისის საგარეო პოლიტიკა და ყველა ნაბიჯი, რასაც „კონფედერაცია“ საგარეო პოლიტიკური მიმართულებით განახორციელებს! ამით დამთავრდება საქართველოს „პროდასავლური ინტენცია-ასპირაცია“, NATO-სკენ სრაფვა, საქართველოში სამხედრო წვრთნები ამერიკული არმიის მონაწილეობით (ცხინვალის და სოხუმის თანხმობა დაგვჭირდება), იგივე „ევროასოცირებაც“ ფარატინა ქაღალდად იქცევა და ა.შ.
დღეს სწორედ აქეთ „მიჰყავს“ საქმე მოსკოვს. ამ მიზნით იყენებს არა მხოლოდ „აბაშიძე-კარასინის“, არამედ ე.წ. „ჟენევის ფორმატსაც“, სადაც სეპარატისტთა წარმომადგენლები მონაწილეობენ. ეს ფორმატი მათი საერთაშორისო „გაპრავების“ ტექნოლოგიაა.
გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ამგვარი Modus Vivendi მოსკოვს საშუალებას მისცემს, განავითაროს „ევრაზიული ინტეგრაცია“, რადგან „სამხრეთ კავკასიური კონფედერაციის“ მეშვეობით ცენტრალური აზია - კასპიის აუზის კომუნიკაციათა „გადაჭრა“ ახალი, მოდერნიზებული იმპერიის დაფუძნების წინაპირობაა.
Великая Россия სხვაგვარად ვერ აღდგება
ნიკა იმნაიშვილი