27 მარტს, ჟენევაში გაიმართება „სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების თაობაზე საერთაშორისო დისკუსიათა“ (მარტო სახელწოდება რად ღირს! - ნ.ი.) მორიგი რაუნდი. მაღალი ალბათობით, ამ „დისკუსიათა“ შედეგად გამოქვეყნდება მონაწილე მხარეების (საქართველო, რუსეთი, აფხაზეთი, „სამხრეთ ოსეთი“, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ეუთო) ერთობლივი დეკლარაცია „ძალის გამოუყენებლობის“ შესახებ.
აქვე ისიც საკითხავია, რა ფორმით გამოქვეყნდება: შესაძლოა, ეს იყოს ერთობლივი განცხადება, რომელსაც ყველა მონაწილე მოაწერს ხელს, აფხაზების და ოსების ჩათვლით; მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომელიმე „თანათავმჯდომარემ“ (ვთქვათ გაეროს წარმომადგენელმა) გააკეთოს საგანგებო განცხადება სხვათა თანხმობით.
ბუნებრივია, მოსკოვი და მისი სეპარატისტული კლიენტურა ყოველნაირად ეცდებიან, რომ ჯერ ერთი, „ხელმოწერა“ შედგეს და მეორეც, თვით განცხადებაშიც იყონ ნახსენები ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც სუბიექტები.
ეს მნიშვნელოვანია, თუმცა გადამწყვეტი არ არის: ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ საქართველო საქვეყნოდ განაცხადებს: არასდროს არ გამოიყენებს ძალას, რათა აღადგინოს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ასეთი ვალდებულება ქვეყანას აღებული აქვს. ოღონდ ცალმხრივად: რუსული აგრესიის შემდეგ ორი წლის მანძილზე, დასავლელი პარტნიორები აქტიურად ლობირებდნენ რუსეთ-საქართველოს საგანგებო შეთანხმებას, რომლითაც მხარეები (არა მარტო საქართველო, არამედ რუსეთიც) აიღებდნენ „ძალის გამოუყენებლობის“ ვალდებულებას. ესე იგი, გაფორმდებოდა რუსეთ-საქართველოს „თავდაუსხმელობის პაქტი“. ასეთი წინადადება მოსკოვს სასაცილოდ არ ეყო: რუსეთის ხელმძღვანელობა, როგორც ყოველთვის, დემაგოგიურად აცხადებდა, რომ თავად (თურმე ნუ იტყვით) სულაც არ არის კონფლიქტის მხარე, კონფლიქტის მხარეები არიან საქართველო, სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი. ამიტომ, სწორედ მათ უნდა აიღონ „ძალის გამოუყენებლობის“ ვალდებულება ერთმანეთის მიმართ.
მოსკოვის უარყოფითი პასუხის შემდეგ, ძალიან „უცნაური“ ლოგიკით, რომელიც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ზოგადად აქვთ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, მათი..... „რჩევით“ (სინამდვილეში იძულებით) ჯერ ევროპარლამენტში გააკეთა ცალმხრივი განცხადება „ძალის გამოუყენებლობის შესახებ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად“, შემდეგ კი საერთაშორისო-იურიდიული ძალმოსილების მქონე ოფიციალური წერილი გაუგზავნა გაეროს, ასევე ეუთოს, რომ არასდროს არ გამოიყენებდა ძალას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ.
ანუ, ეს ვალდებულება (ძალის არგამოყენების შესახებ) საქართველოს 2010 წლიდან აღებული აქვს. თუმცა ამის შემდეგ თბილისი მუდმივად მოითხოვდა, მოსკოვსაც აეღო თავზე ისეთივე თუნდაც ცალმხრივი „ვალდებულება“ და ასევე გაეკეთებინა ან განცხადება, ან წერილობით მიემართა ამ საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, რომ არ გამოიყენებდა ძალას საქართველოს წინააღმდეგ. მაგრამ ეს მოთხოვნა, ბუნებრივია, უპასუხოდ დარჩა. ხოლო ის საერთაშორისო აქტორები, ვინც საქართველოს პრეზიდენტს (როგორც „დაბალ ღობეს“) „ურჩევდნენ“ აეღო ცალმხრივი ვალდებულება და მიეწერა წერილი, ასეთივე ტონალობით, რასაკვირველია, ვერ „ურჩევდნენ“ იმავეს პუტინს და რომც ერჩიათ, ეს უკანასკნელი, რა თქმა უნდა, „შორს გაუშვებდა“ ცნობილი რუსული გამონათქვამით.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გამოდის, ჯერ კიდევ 9 წლის წინ, როდესაც საქართველო იმდენად საცოდავ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის იმდროინდელი მოადგილე, გრიგოლ ვაშაძე სერგეი ლავროვს კონცერტების გამართვას სთავაზობდა მოსკოვში, ქვეყანამ უკვე იკისრა ცალმხრივი საერთაშორისო ვალდებულება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმების, ასევე იქ დისლოცირებული საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ „ძალის გამოუყენებლობის“ შესახებ. მაგრამ კატეგორიულად არ თანხმდებოდა სეპარატისტებთან რაიმე ერთობლივ განცხადებას. ოღონდ (ეს ხაზგასასმელია) არ თანხმდებოდა არა „საერთოდ“, არა „ზოგადად“, არა „ნებისმიერ შემთხვევაში“, არამედ მანამ, სანამ რუსეთიც არ იკისრებდა ანალოგიურ ვალდებულებას, - არ გამოეყენებინა ძალა საქართველოს წინააღმდეგ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სანამ იმას განვიხილავთ, თუ რა ხდება დღეს, ან რატომ ხდება და რა საშინელი დილემის წინაშე აღმოვჩნდით, აუცილებლად უნდა განვმარტოთ, თუნდაც მოკლედ, რას წარმოადგენს ეს ე.წ. „ჟენევის ფორმატი“.
პოლიტიკოსებს ზოგადად ახასიათებთ ცრუპენტელობა და მუდმივი მცდელობა, მაქსიმალურად დააბნიონ საზოგადოება, რათა ნებისმიერი სიტუაცია, ნებისმიერი დისკურსი საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოიყენონ.
მაგალითად, დღეს (მას შემდეგ რაც გაირკვა რა დეკლარაცია მზადდება ჟენევაში) მუდმივად გვესმის: „ჟენევის ფორმატი არის ერთადერთი ფორმატი, რომელშიც საქართველო და რუსეთი მონაწილეობენ როგორც მხარეები, ხოლო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი იქ იმყოფებიან მხოლოდ არაოფიციალურად, - პიროვნული სტატუსით“.
ეს არის პოლიტიკოსებისათვის ზოგადად დამახასიათებელი ცრუპენტელობა და აი რატომ: 2008 წელს, როცა ყოველმხრივ უსასტიკესად დამარცხებული საქართველო, დასავლელი პარტნიორების......რჩევით დათანხმდა „ჟენევის“ ფორმატს, „დისკუსიათა“ ოფიციალური მონაწილეები იყვენ მხოლოდ საქართველო, რუსეთი და აშშ. ხოლო ევროკავშირი, ეუთო და გაერო - ფორმატის „თანათავმჯდომარეები“. არანაირი „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი იქ არ ფიგურირებდნენ.
მაგრამ საქმეც ის გახლავთ, რომ ამ „სამმხრივ“ ფორმატში, რეალურად, არც ერთი სხდომა არ გამართულა! - პირველივე სხდომა, 2008 წლის მიწურულს, ჩაშალა რუსეთმა: რუსეთის წარმომადგენელი გრიგორი კარასინი ადგა და გავიდა იმ მოტივით, რომ სანამ „თანასწორუფლებიანი“ მონაწილეობის საშუალება არ ექნებოდათ „ახლადაღიარებული სახელმწიფოების“ - აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ წარმომადგენლებს, მანამ არც ერთი სხდომა არ გაიმართებოდა ამ (ესე იგი სამმხრივ) ფორმატში.
რა მოხდა შემდეგ? ქართული დელეგაცია ჟენევის დატოვებას აპირებდა, თუმცა დასავლელმა პარტნიორებმა, როგორც ყოველთვის, მოგვიწოდეს: „ნაკლები ემოცია, მეტი პრაგმატიზმი“. მათვე შემოგვთავაზეს შემდეგი გამოსავალი: „სამმხრივი“ ფორმატი ვითომ შენარჩუნდება, მაგრამ რეალურად გაიმართება „არაოფიციალური შეხვედრები“ ესე იგი „არაფორმალური დისკუსიები“, რომლებშიც კონფლიქტის მხარეები (მათ შორის აფხაზები და ოსები) არაოფიციალური, პიროვნული სტატუსით მიიღებენ მონაწილეობას.
მას შემდეგ (2008 წლიდან - დღემდე!) ყველა სხდომა ჟენევაში, რეალურად მხოლოდ ასეთ მრავალმხრივ ფორმატში იმართება! ხოლო როდესაც აფხაზეთის იმდროინდელ, ქვეწარმავლურად ეშმაკ „საგარეო საქმეთა მინისტრ“ სერგეი შამბას ვკითხე: „თქვენ ხომ ამ მოლაპარაკებებში მხოლოდ არაოფიციალური სტატუსი გაქვთ მეთქი“, ძაღლთაპირმა რეზონულად მომიჭრა: „მერე რა, - თქვენს წარმომადგენლებსაც ზუსტად ასეთივე არაოფიციალური სტატუსი აქვთ ამ დისკუსიებში, ანუ თანაბარი სტატუსი გვაქვს ყველასო“.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბუნებრივია, მწარედ დამარცხებული საცოდავი ქვეყნის საცოდავ ხელისუფლებას, რომელიც მაშინ მართლაც „ხავსს ეჭიდებოდა“ და მოსკოვში კონცერტების გამართვას ცდილობდა ახალი ნაძირლური აგრესიის თავიდან ასაცილებლად, არ გააჩნდა რესურსი, რათა დაეჟინა და მანამ არ მიეღო მონაწილეობა „არაოფიციალურ დისკუსიებში“ აფხაზებთან და ოსებთან, სანამ სრულფასოვნად არ ამუშავდებოდა „ოფიციალური ფორმატი“ (საქართველო-რუსეთი-აშშ) ან თუნდაც მოსკოვი არ იკისრებდა ანალოგიურ ვალდებულებას „ძალის გამოუყენებლობის“ შესახებ.
ერთადერთი, რაც საქართველომ მაშინ შეძლო (ეს კი ნამდვილად შეძლო!) ის იყო, რომ არ თანხმდებოდა აფხაზებთან და ოსებთან „ერთობლივ განცხადებას“, მით უმეტეს რაიმე „პაქტს“ და ხელშეკრულებას „თავდაუსხმელობის შესახებ“. ყოველ შემთხვევაში (ვიმეორებ) მანამ, სანამ მოსკოვიც არ იკისრებდა ისეთივე ცალმხრივ ვალდებულებას, რაც საქართველომ აიღო 2010 წელს - ზემოთხსენებული ოფიციალური წერილებით.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რა ხდება დღეს? ამჟამად იქმნება კიდევ უფრო ტრაგიკული ვითარება. ამავდროულად აბსურდულიც: საქართველოს მთავრობა იძულებულია(!), არაოფიციალური კონსულტაციების არაოფიციალური მონაწილეების დონეზე (!), ანუ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ წარმომადგენლებთან ერთად, გააკეთოს ოფიციალური (!) განცხადება „ძალის გამოუყენებლობის“ შესახებ, რომელსაც ასევე მიუერთდება რუსეთიც.
იურიდიულად სრული აბსურდია თითქოს, მაგრამ არა პოლიტიკურად.
ასეც ხშირად ხდება.
ოღონდ ერთობლივ მრავალმხრივ განცხადებასთან რუსეთის „მიერთებაც“ დიდი ვერაფერი შეღავათია. დავაკვირდეთ ლავროვის უწყების და მის წარმომადგენელთა თვალთმაქცურ განცხადებებს: მათთვის მთავარია ერთობლივი განცხადება პარადიგმით „საქართველო-აფხაზეთი-სამხრეთ ოსეთი“, თორემ იმასაც ამბობენ „იურიდიული ძალა არა აქვსო“, ანუ „საქართველომ არ უნდა გამოიყენოს ძალა, თორემ ჩვენ როცა გვინდა, როცა დაგვჭირდება, როცა საჭიროდ ჩავთვლით, მაშინ გამოვიყენებთ ძალას საქართველოს წინააღმდეგო“ -ასე იკითხება მოსკოვის კომენტარი გრიგორი კარასინის პირით.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს ტრაგიკული შედეგი, რაც ახლა დგება, პირდაპირ გამომდინარეობს თვით „ჟენევის ფორმატის“ ფილოსოფიიდან, რომელმაც საქართველოს, შექმნის დღიდან, სინამდვილეში უდიდესი ზიანი მიაყენა: სწორედ ამ ფორმატით მოსკოვი ახერხებს სეპარატისტული „აპენდიქსების“, იმავე ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისო „გაპრავებას“!
ჯერ-ჯერობით მხოლოდ ნაწილობრივ „გაპრავებას“, მაგრამ მაინც.
ჩვენ კი გვიკვირს: ევროკავშირის წარმომადგენელი ცხინვალში რატომ ჩადის (რუსეთის გავლით) და ძაღლთაპირ ბიბილოვს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას რატომ ულოცავსო. ყველა პრეტენზიის პასუხად, ის „წარმომადგენელიც“ მხრებს იჩეჩს: „დალოცვილნო, თუ ტერორისტები და ეთნოწმენდის მომწყობები არიან, მაშინ ჟენევაში რაღას წრუპავთ მათთან ერთად ყავას აგერ უკვე 10 წელია? და თუ ელაპარაკებით, მე დიპლომატიური ეთიკის დარღვევას რატომ მთხოვთო“.
ანუ, თავი და თავი პრობლემისა, მისი საწყისი სწორედ ეს უგვანი „არაფორმალური ფორმატია“, რომელიც ახლა არასასურველი, თუმცა ლოგიკური შედეგით სრულდება.
აბსოლუტურად გამართლებული იქნებოდა, თუ თბილისი კატეგორიულ უარს განაცხადებდა სეპარატისტულ რეჟიმთა წარმომადგენლებთან ყოველგვარ ერთობლივ ფორმატზე (თუნდა არაოფიციალურზე) მანამ მაინც, სანამ ოფიციალურ სამმხრივ ფორმატზე (აშშ-საქართველო-რუსეთი) არ მოხდებოდა რაიმე პროგრესი ან იქ არ იქნებოდა რაიმე განცხადება მიღებული ან თუნდაც ერთი სხდომა (ერთი მაინც!!!) არ გაიმართებოდა, ან რუსეთი ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას არ იკისრებდა..... მაგრამ ამგვარი პრინციპული პოზიციის დაკავება საქართველოს სახელმწიფომ ვერ შეძლო ვერც 2012 წლამდე, ვერც 2012 წლის შემდეგ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ახლა კი მთავარი კითხვა: რამ აიძულა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დათანხმებოდა „ერთობლივ განცხადებას“, რასაც დღემდე არ თანხმდებოდა „ახალი“ ხელისუფლება (თუმცა რაღა „ახალი“ - 2012 წლიდან) ისევე, როგორც არ თანხმდებოდა ძველი - 2008-2012 წლებში?
ბევრს ჰგონია, თითქოს „თრიგერი“ გახდა მხოლოდ არჩილ ტატუნაშვილის მხეცური მკვლელობა ცხინვალში. სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ეს სადისტური მკვლელობა იყო ზუსტად გათვლილი და ქვეწარმავლური ეშმაკობით მოფიქრებული პროვოკაცია ზუსტად იმ შედეგის მისაღწევად, რასაც ახლა აღწევენ!
ანუ, თავისთავად, „ტატუნაშვილის ქეისი“ მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო; ოღონდ, სინამდვილეში, საქმე ბევრად უარესადაა: პრემიერი, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ „არჩილ ტატუნაშვილით“ მოსკოვი, საკუთარ სეპარატისტულ კლიენტებთან ერთად, იწყებს იმ უძლიერესი ბერკეტის ამოქმედებას, რაც ნამდვილად აქვს.
რატომღაც არავინ მიაქცია ყურადღება: სწორედ მაშინ, როცა ჩვენი გმირი ბიჭის ცხედარს ვითხოვდით საოკუპაციო ადმინისტრაციისაგან, აფხაზეთის ხელისუფლებამ ე.წ. „საზღვარზე“ დააკავა ქართველი მოსახლე. ოღონდ ამჯერად საქმე აღძრა არა ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის კოდექსით! მაშასადამე, ადამიანს მრავალწლიანი ციხე ემუქრება და ეს მხოლოდ დასაწყისია - ნებისმიერ მომენტში, ცხინვალის ხელისუფლებამაც შეიძლება დაიწყოს საქმეების აღძვრა არა ადმინისტრაციული (როგორც დღემდე) არამედ სისხლის სამართლის კოდექსით. მაშასადამე მსჯავრდებულთა ნათესავები გადაკეტავენ გზებს, მოხდება დაპირისპირება, შეტაკებები და ა.შ.
ზუსტად ესაა მოსკოვის გათვლა!
და რა შეიძლება ამ „ტექნოლოგიას“ დავუპირისპიროთ? - მოვუწოდოთ გალის რაიონისა და ახალგორის რაიონის, ასევე მიმდებარე სოფლების ქართულ მოსახლეობას „გადმოსახლდნენ საქართველოში“, თან უფრო სიღრმისეულ რაიონებში?!
ხომ მზესავით ნათელია, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა მოხდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ წინასწარ თანხმობა განაცხადა იმ დეკლარაციის მიღებაზე, რაც ახლა მზადდება ჟენევისთვის. თანაც, ჩვენი მტრების ქვეწარმავლური ეშმაკობით, ეს დაპირება თბილისისგან მიიღეს არა თვით ოკუპანტებმა ან მათმა კლიენტებმა, არამედ....დასავლელმა პარტნიორებმა! და თუ საქართველო ახლა დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ამით სეპარატისტების ან მათი მოსკოველი პატრონების მიმართ კი არ დაარღვევს პირობას, არამედ იმავე დასავლელი პარტნიორების მიმართ. ისინიც „გაბუტულად“ გვეტყვიან: „თქვენ ხომ დაგვპირდით დეკლარაციის მიღებას იმ პირობით თუ ცხედარს დაიბრუნებდით და......“
„ნუ დაპირდებოდნენო“ - ყველაზე „იოლი“ სათქმელია, როცა ტატუნაშვილები და მათი მრავალრიცხოვანი საახლობლო გზების გადაკეტვით იმუქრებოდნენ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
და ბოლოს: უმნიშვნელოვანესი ფაქტორი (ამაზეც არ ლაპარაკობენ პოლიტიკოსები) რამაც კვირიკაშვილს ჯერ მოსკოვში ცნობილი „წერილის“ გაგზავნა, შემდეგ „ერთობლივ განცხადებაზე“ თანხმობა აიძულა, უდავოდ იყო იმავე პარტნიორების უსუსტესი (ეს ძალიან რბილად თუ ვიტყვით) რეაქცია ტატუნაშვილის საქმეზე. განსაკუთრებით („ბოლო წვეთი“) ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის გამაოგნებელი, გულგრილი, „შორიდან დამკვირვებლის“ განცხადება („კონფლიქტმა თავი შეგვახსენაო“), რომელშიც სიტყვა “დაგმობისთვისაც“ კი არ მოიძებნა სივრცე, როცა უდანაშაულო ახალგაზრდა კაცის მხეცურ მკვლელობაზე ლაპარაკობდა. თანაც, ლაპარაკობდა საქართველოს პრეზიდენტთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე მას შემდეგ, რაც მარგველაშვილმა აბსოლუტურად ყველაფერი თქვა რაც სათქმელი იყო.
განსაკუთრებით შემზარავი ისაა, რომ როდესაც უკრაინის ამბები იწყებოდა, ყველას გვქონდა იმედი, დასავლეთი სწორედ უკრაინის ფონზე „დააბრუნებდა“ საქართველოს რუსეთთან „ინგეიჯმენტის“ დღის წესრიგში. არადა, სინამდვილეში, როგორც ტუსკის განცხადება და ტატუნაშვილზე „წყალ-წყალა“ რეაქციები ადასტურებს.......პირიქით მოხდა!
ალტერნატივა, როგორც ყოველთვის, უმკაცრესია: ან უნდა გადავლახოთ ის „რუბიკონი“, რაც ჟენევაში გველის და ამის შემდეგ პროცესები „ზვავის“ ეფექტს შეიძენენ, ან........ნებისმიერ ფასად, ნებისმიერი მსხვერპლით, ნებისმიერი რესურსის გამოყენებით გამოვგლიჯოთ მოსკოვს ის ბერკეტი, რომლის ამოქმედებას ახლა იწყებს საქართველოს წინააღმდეგ: „გადმოვიყვანოთ“ სამშვიდობოს ქართული მოსახლეობა (მილიარდებიც რომ დაჯდეს), ჩვენ თვითონ ავაშენოთ დროებითი „ბერლინის კედელი“ ოკუპირებულ ტერიტორიებთან და ამით გამოვრიცხოთ მძევლად აყვანილი ქართველობით სისხლიანი მანიპულირება - მთელი საქართველოს ხელში ჩასაგდებად.
მესამე გზა არ არსებობს.
ნიკა იმნაიშვილი