ამერიკელი სენატორები რიჩარდ ლუგარი და ჯონ კერი გაეროში აშშ-ის წარმომადგენელს მოუწოდებენ, აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წინ აღუდგეს ორგანიზაციის პრინციპების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს.
სენატორებმა სიუზან რაითს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთის დაჟინება სადამკვირვებლო მისიის განახლების სანაცვლოდ მომხდარიყო მარიონეტული რეჟიმების დე-ფაქტო აღიარება, იყო მცდელობა საერთაშორისო ორგანიზაცია სეპარატისტების დასაყრდენად გამოეყენებინათ.
"ნათელია რომ რუსეთის ფედერაცია სხვადასხვა სტრატეგიით მოქმედებს იმისათვის, რათა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პოზიცია გაიმყაროს. ნაკლებად დასაჯერებელია, რომ ეს მათი ბოლო მცდელობა იქნება", _ წერენ რიჩარდ ლუგარი და ჯონ კერი.
გავლენიანი სენატორების აზრით, თუ საერთაშორისო გაერთიანება პრობლემასთან გამკლავებას ვერ შეძლებს, არსებობს რისკი, რომ ის კვლავ კონფლიქტში გადაიზარდოს.