"ალიანსი საქართველოსთვის" შეფასებით, 7 ნოემბერს მოქალაქეთა კონსტიტუციითა და საერთაშორისო ნორმებით გარანტირებული უფლებები უხეშად და ცინიკურად დაირღვა.
"2007 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ დაარბია რამდენიმე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია და კერძო ტელეკომპანია "იმედი". ამ დღეს უხეშად და ცინიკურად დაირღვა მოქალაქეთა კონსტიტუციითა და საერთაშორისო ნორმებით გარანტირებული უფლებები. დარბევები გამოირჩეოდა გადამეტებული ძალის გამოყენებითა და დაუნდობლობით. მშვიდობიანი აქციის ასეულობით მონაწილეს სასტიკად გაუსწორდნენ, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მათ წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა აკრძალული იარაღი, რამდენიმე ადამიანი დაინვალიდდა. მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის არც ორგანიზატორები და არც შემსრულებლები არ დასჯილან. საზოგადოების სამართლიანი მოთხოვნები დღემდე არ დაკმაყოფილებულა; ქვეყანაში შექმნილი ვითარება კი უფრო დამძიმდა. საზოგადოებას სრული უფლება აქვს, მოსთხოვოს პასუხი ხელისუფლებას და იბრძოლოს თავისი უფლებების დასაცავად. ხოლო ხელისუფლება მოვალეა, რომ შეისმინოს ხალხის ხმა და დააკმაყოფილოს მისი კანონიერი მოთხოვნები", - ნათქვამია 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ "ალიანსი საქართველოსთვის" განცხადებაში.
ალიანსს მიაჩნია, რომ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები და შეწყდეს განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეთა დევნა. საზოგადოებრივი არხი გათავისუფლდეს ხელისუფლების გავლენისაგან. საზოგადოებრივი მაუწყებელი გარდაიქმნას მართლაც საზოგადოებრივ ტელევიზიად, სადაც მიუკერძოებლად და თანაბრად აისახება მთელი საზოგადოების მრავალფეროვანი ინტერესები და მოთხოვნები.
მათი განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს თავისი დაპირება მეორე არხთან დაკავშირებით. კერძოდ, ამ არხმა მთელ პოლიტიკურ სპექტრს უნდა მისცეს აზრის გამოხატვის საშუალება და ობიექტურად ასახოს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ტელეკომპანია "იმედი" უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს. უნდა შეიქმნას თავისუფალი საარჩევნო გარემო (დემოკრატიული საარჩევნო კანონმდებლობა, თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი სასამართლო).
"ალიანსი საქართველოსთვის" აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არ დაუშვებს 7 ნოემბრის მსგვასი მოვლენების განმეორებას, მოქალაქეების კონსტიტუციით და საერთაშორისო ნორმებით მინიჭებული უფლებების დარღვევას და დაამყარებს კანონის უზენაესობას.
შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბერის ცნობილი მოვლენებიდან 2 წელი სრულდება.