დღეს, 9 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტს წარადგენენ.
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაგეგმილ პრეზენტაციას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და კულტურული ინსტიტუციების წარმომადგენლები, ლიტერატორები, მწერლები და გამომცემლები დაესწრებიან.
მიხეილ გიორგაძე მსოფლიო ლიტერატურულ-კულტურულ სფეროში უდიდეს პლატფორმაზე ქართული კულტურისა და ლიტერატურის წარდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი პროექტის კონცეფციას, განხორციელებულ და დაგეგმილ ლიტერატურულ პროგრამას წარადგენს და ყურადღებას მარტის თვეში დაგეგმილ ღონისძიებებზე გაამახვილებს. მხოლოდ მიმდინარე თვეში 7 გერმანულენოვან ქალაქში (კიოლნი, ლაიფციგი, ბერლინი, ვენა, ზალცბურგი, ჰალე, ფრანკფურტი) 27 ქართველი თანამედროვე და კლასიკოსი ავტორის 50 ლიტერატურული ღონისძიება გაიმართება. დაგეგმილია ოთარ ჭილაძის, ილია ზდანევიჩის, გურამ ასათიანისა და მიკა ალექსიძის გერმანულენოვანი თარგმანების პრეზენტაციები. გერმანულენოვანი საზოგადოების წინაშე წარდგებიან - აკა მორჩილაძე, ნაირა გელაშვილი, რატი ამაღლობელი, დიანა ანფიმიადი, ლუკა ბაქანიძე, დათო ბარბაქაძე, ლევან ბერძენიშვილი, ალეკო შუღლაძე, ბესო ხვედელიძე, ნინო ხარატიშვილი, რევაზ გაჩეჩილაძე, ეკატერინე ტოგონიძე, ზურაბ რთველიშვილი, ლაშა ბუღაძე, კოტე ჯანდიერი, ნატო ინგოროყვა, ნიკა ჯორჯანელი, ზურაბ ქარუმიძე, ბესიკ ხარანაული, ნინო სადღობელაშვილი, ზაზა ბურჭულაძე, ბონდო მაცაბერიძე, ირმა შიოლაშვილი.
15 მარტს კი ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც პროექტის ხელმძღვანელები გერმანული მედიის წარმომადგენლებს ევროპის გერმანულენოვან ქალაქებში დაგეგმილ ლიტერატურულ და კულტურულ პროგრამას წარუდგენენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის ლიტერატურული პროგრამა 450 სხვადასხვა შინაარსისა და ფორმატის ღონისძიებას მოიცავს. ქართველ ავტორებსა და მათ გერმანულენოვან გამოცემებ გერმანიის, ავსტიისა და შვეიცარიის 29 ქალაქში უმასპინძლებენ. ქართული ლიტერატურა 20 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფოკუსში მოხვდება.