2018 წლის ოქტომბერში საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. წელს საქართველოს მოსახლეობა უკანასკნელად, ქვეყნის პრეზიდენტს პირდაპირი წესით, 5 წლის ვადით აირჩევს.
მართალია, არჩევნებამდე 8 თვე დარჩა, მაგრამ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კანდიდატების განხილვა უკვე დაიწყო.
აქტიურად მიმდინარეობს საუბრები იმის შესახებ, რომ წელს ქვეყნის პრეზიდენტობისთვის ქალები იბრძოლებენ.
ცნობილია, რომ „დემოკრატიული მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე იქნება. ამ დროისთვის, „დემოკრატიული მოძრაობა“ არის ერთადერთი პარტია, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა დადასტურებულია.
გასულ კვირას, აქტიურად დაიწყო განხილვა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა 3 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ქართულ ოცნებაში“ აქტიურად განიხილავენ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს. მომდევნო დღეს, ისევ „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიდევ ერთი კანდიდატი, რომელსაც „ოცნებაში“ განიხილავენ, სალომე ზურაბიშვილია. ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად ქალის წარდგენა სურს.
6 მარტს, „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატად პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი განიხილება, თუმცა, ამავე ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ აღნიშნული ინფორმაცია თავად ჩუგოშვილმა უარყო. მისი თქმით, გარდა სხვა მიზეზებისა, მას საარჩევნო ასაკი არ აქვს.
აქტიური საუბარი მიმდინარეობს „ევროპული საქართველოს“ ირგვლივაც. არსებული ინფორმაციით, პარტიის შიგნით საპრეზიდენტო კანდიდატად ელენე ხოშტარიას და გიგი უგულავას განიხილავენ, თუმცა, ხოშტარიამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით, ეს საკითხი პარტიის დღის წესრიგში არ დამდგარა.
კიდევ ერთი პარტია, რომელიც სავარაუდოდ, საპრეზიდენტო კანდიდატად ქალს წარადგენს, „პატრიოტთა ალიანსია“. გავრცელებული ინფორმაციით, პარტიის სახელით ქვეყნის მე-5 პრეზიდენტობისთვის ირმა ინაშვილი იბრძოლებს, თუმცა, ეს ინფორმაციაც, ჯერჯერობით, ოფიციალურად არ დასტურდება.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტიის ირგვლივ ქალ ან კაც კანდიდატზე საჯაროდ საუბარი, ჯერჯერობით, არ ყოფილა.
„ჯი-ეიჩ-ენი“ დაინტერესდა, ჰყავს თუ არა გამოკვეთილი საპრეზიდენტო კანდიდატი პარტიას. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ გვითხრა, რომ პარტიის შიგნით საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით განხილვა მიმდინარეობს, თუმცა, კონკრეტულად ვინ იქნება, ეს არ იცის. მისივე თქმით, კარგი იქნება თუ ოპოზიცია მმართველ გუნდს ერთიანი ფრონტით შეუტევს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პარტია გადაწყვეტს, რომ ქალი წარადგინოს, ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ ამ ფაქტს მიესალმება და სიამოვნებით დაუჭერს მხარს, რადგან მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ბევრი ქალი ვიხილოთ.
საქართველოს მოსახლეობა რიგით მე-5 პრეზიდენტს პირდაპირი წესით, 5 წლის ვადით ოქტომბერში აირჩევს. პოლიტიკაში ქალის როლის გაძლიერების მომხრეთა რაოდენობის მნიშვნელოვანი მატების ფონზე, არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის პრეზიდენტი ქალი გახდეს.
ირაკლი კუნჭულია