7 მარტს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში იწყება პროექტი "წიგნი, როგორც ინსპირაციის წყარო"
ინტერაქტიული შეხვედრების ციკლს გაუძღვება სცენარისტი ოთარ პერტახია, მისი პირველი სტუმარი იქნება თანამედროვე ქართველი რეჟისორი გიორგი ოვაშვილი. შეხვედრას ასევე დაესწრებიან ფილმის "სიმინდის კუნძული" მთავარი როლის შემსრულებელი მარიამ ბუთურიშვილი და პოეტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ინგა მილორავა.
შეხვედრების მოდერატორი, დრამატურგი ოთარ პერტახია, მედიათეკის მკითხველს გააცნობს ქართველი და უცხოელი ავტორის მხატვრულ ნაწარმოებს, რომელიც კინოსა და თეატრის ცნობილი რეჟისორებისათვის ხშირად წარმატებული, უფრო მეტიც, გენიალური ფილმებისა და სპექტაკლებისთვის ინსპირაციის წყარო გამხდარა. შერჩეული თემის მიხედვით, ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები მხატვრული და დოკუმენტური ფილმებიდან,რომელსაც საფუძვლად დაედო ლექციაზე განხილული რომელიმე კონკრეტული ავტორის ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოები. მოწვეული კომპეტენტური სტუმრების და პროექტის მონაწილეების ჩართულობით, გაიმართება თემის განხილვა. ( სტუმრები: კინორეჟისორი, სცენარისტი, მწერალი, კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე) ისაუბრებენ წიგნის, როგორც ინსპირაციის წყაროს მნიშვნელობაზე და არა მხოლოდ ხელოვანებისათვის, არამედ ნებისმიერი ადამიანის (მკითხველის) ცხოვრებაში.
შეხვედრები გაიმართება ქალაქის სამივე მედიათეკაში, მათზე დასწრების მსურველები უნდა იყვნენ ან გახდნენ მედიათეკის წევრები, მათ უნდა ჰქონდეთ მოქმედი С ბარათი (ღირებულება 15 ლარი, მოქმედების ვადა 1 თვე და შესაძლებლობა ისარგებლოთ ყველა მედიათეკის თითქმის ყველა სერვისით) და გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია > https://goo.gl/forms/r2prLXkgDHhyLF993