საგარეო დაზვერვის სამსახურს მომავალი წლიდან ბიუჯეტი გაეზრდება. თუმცა თანხა ჯერჯერობით არ კონკრეტდება. ამის შესახებ განცხადება, ფინანსთა მინისტრმა დღეს სესიაზე 2010 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას გააკეთა.
საგარეო დაზვერვის სამსახურის დაფინანსებით "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე დაინტერესდა და როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე საუბარი ნდობის ჯგუფშიც იყო და მიიჩნევს, რომ "ქვეყნის გაზრდილი საგარეო საფრთხეების გამო ამ სამსახურის დაფინანსება არათუ არ უნდა შემცირდეს, არამედ უნდა გაიზარდოს".
2010 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საგარეო დაზვერვის სამსახური მცირდება 200 ათასი ლარით. წელს კი მათი დაფინანსება იყო მხოლოდ 6 მილიონი ლარი.
თარგამაძის საპასუხოდ კი ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს აღნიშნული სამსახურის დაფინანსების გაზრდა და ეს საკითხი ბიუჯეტში აუცილებლად აისახება. ბაინდურაშვილი აცხადებს, რომ ჯერჯერობით ვერ ხერხდება თანხის დაკონკრეტება, რადგან არ არის გათვლილი და შეჯამებული ის საფრთხეები, რაც ქვეყანას გააჩნია. ბაინდურაშვილის თქმით, როდესაც ბიუჯეტი პარლამენტში დაბრუნდება, ეს საკითხი პროექტში ასახული იქნება.