ENG / RUS       12+

არიან ძალები, რომელთაც თურქული სკოლების ხელში ჩაგდება უნდათ - რას უკავშირებს ჩაბუქი მის პოლიტიკურ დევნას

რესპოდენტის შესახებ

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი სკოლის შემდეგ,  ციხის ოთხ კედელში გატარებული 9 თვეს  „ჯი-ეიჩ-ენთან“ ინტერვიუში იხსენებს.

როგორც ის აღნიშნავს, გისოსებს მიღმა განვლილი პერიოდის შემდეგ,  ყველაზე კარგად თავისუფლების ფასი იცის. ამბობს, რომ სხვის ბიზნეს და პოლიტიკურ ინტერესებს შეეწირა. თუმცა, იმედს არ კარგავს, რომ საქართველო მისი ექსტრადირებას არ დაუშვებს.

„დიახ, მართალი ხართ, მე სასამართლოში ვიტირე, მაგრამ ეს ცრემლები შიშისგან გამოწვეული არ იყო. ცრემლები ჩემი თავმოყვარეობის გამო მომდიოდა. 15 წლის განმავლობაში ჩემს კოლეგებთან, მასწავლებლებთან ერთად ვმუშაობდი, ერთ მშვენიერ დღეს კი, ტერორისტულ შეიარაღებულ დაჯგუფებასთან კავშირი დამაბრალეს. ამან ჩემს თავმოყვარეობაზე ძალიან იმოქმედა. ემოციებს მეტ-ნაკლებად ვიკავებდი, მაგრამ ყოველთვის არ გამომდიოდა. საერთოდ, მასწავლებლები ემოციური ადამიანები ვართ“, - აცხადებს ჩაბუქი.

ის ახლა მისთვის საყვარელ სკოლაში მხოლოდ სტუმრის სტატუსით დადის. ამბობს, რომ ჯერ ფსიქოლოგიურად ისვენებს.

__  თქვენს გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, ელოდით, რომ სასამართლო თქვენი გათავისუფლების გადაწყვეტილებას მიიღებდა?

_  ეს ჩემთვის მოულოდნელი და სიურპრიზი აღმოჩნდა. 9 თვიანი პატიმრობის ამოწურვამდე 5 დღე მქონდა დარჩენილი. საქართველოს კანონმდებლობა კი, წინასწარ პატიმრობას 9 თვეზე მეტ ხანს არ ითვალისწინებს. იმ დღეს პროკურორი ჩემი ექსტრადიციის დასაშვებობის  შუამდგომლობით იყო, თუმცა, მან სასამართლოს დაწყებამდე სხვა, 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ჩემი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. სასამართლომ 1 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამათავისუფლა. ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, რომ თავისუფალი ვარ. მიხარია, რომ ჩემს ოჯახს, მეგობრებს დავუბრუნდი. ასეთი ანდაზა გვაქვს, უპუროდ, უწყლოდ შეიძლება ცხოვრება, მაგრამ თავისუფლების გარეშე არაო. ამ ანდაზის შინაარსი ჩემს თავზე კარგად ვიგრძენი.

__ როგორ ფიქრობთ, რომ არა ქართული მედიის, საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურობა, ამერიკელი კონგრესმენების საქართველოში ვიზიტი, ახლა საქართველოში და თან თავისუფალი იქნებოდით?

_ ამ ადამიანების საქართველოში ჩამოსვლა, ჩემს მიმართ მხარდაჭერის გამოცხადება, ჩემთვის სულიერი ძალის მომცემი აღმოჩნდა. ეს არამხოლოდ ჩემთვისაა ძალის მომცემი, არამედ ჩემი ადვოკატებისთვის, ჩემი ოჯახის წვერებისთვისაც. ამ ბრძოლაში ჩვენ მარტო არ ვართ, უამარავი ადამიანია, ვინც ამ ბრძოლაში მხარს გვიჭერს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს სასამართლო თავისუფალი, დამოუკიდებელი ორგანოა. აქედან გამომდინარე, მათზე ამ გაგებით გავლენა შეუძლებელია. ყველამ იცის, რომ საქართველო ევროპისკენ მიისწრაფის და ადამიანის უფლებების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩემს საქმესთან დაკავშირებით საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, მასმედიის წარმომადგენლებისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი. თუმცა, ეს მხარდაჭერა მხოლოდ საქართველოთი არ შემოფარგლულა. ახლა შევიტყვე, რომ სხვადასხვა ორგანიზაციებისგან, თუ კერძო პირებისგან, იუსტიციის სამინისტროში 5 000-მდე წერილი შესულა, რომ თურქეთში ჩემი ექსტრადირება არ მოეხდინათ. ციხეში ინფორმაციის გაცნობის და ამ ყველაფრის დაკვირვების საშუალება არ მქონია, ახლა კი ქუჩაში, მაღაზიაში სრულიად უცხო ადამიანები მცნობენ, მილოცავენ გათავისუფლებას. ქართველი საზოგადოების დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი. 

ვინაიდან თურქეთში მიმდინარე ამბები ყველასთვის ცნობილია, ჩემს საქმეს ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, ევროპარლამენტარი აკვირდებოდა. ჩემი საქმის მიმართ ევროპის ინტერესი ძალიან ბუნებრივი იყო, რადგან ჩვენი ფირმის დამფუძნებლები გერმანიის მოქალაქეები არიან. მათი მხრიდან თავიანთი ბიზნესინტერესების და მათ შორის, მათ მიერ დაქირავებული ადამიანის, ანუ ჩემი უფლებების დაცვა ბუნებრივი იყო.  ამას გარდა, მათთვის უფრო ადვილიც იყო ევროპარლამენტარებთან საჭირო კონტაქტების დამყარება. დამოუკიდებელი, საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობას, დასკვნებს, ანგარიშებს არავინ უგულებელყოფს.

__ ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები თქვენი დაკავების მომენტიდანვე აქტიურობდნენ. თქვენი აზრით, სასამართლომ აქამდე რატომ არ მიიღო თქვენი გათავისუფლების გადაწყვეტილება?

_ ამაზე პასუხი სამწუხაროდ, მეც არ მაქვს. შეიძლება ითქვას, რომ 9 თვე ციხეში ტყუილად ვიჯექი. პროკურატურა აცხადებდა, რომ ჩემი მიმალვის, ან გაქცევის საშიშროება არსებობდა...

__ გათავისუფლების შემდეგ, სასამართლოს შენობაშივე განაცხადეთ, რომ პოლიტიკური პატიმარი იყავით. ვის უშლიდით ხელს?

_ თურქეთში ბევრი ადამიანია დაკავებული, რომლეთაც არ იციან, თუ რატომ დააკავეს. წელიწადნახევრის წინ, სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ერთ-ერთი მასწავლებელი, გიოქან აჩიქქოლი დააკავეს. ის 15 დღეში ციხეში გარდაიცვალა. რამდენიმე დღის წინ კი, გადაწყვეტილება მოვიდა, რომ ის ადამიანი უდანაშაულო ყოფილა და მკვდარ ადამიანზე სამსახურში დაბრუნების ბრძანება გაიცა. როცა საქმე ასეთ ქვეყანასთან გაქვს, ლოგიკურ ახსნას ვერაფერს მოუძებნი, მათ შორის იმას, თუ რატომ დაგდეს კონკრეტულად შენ ბრალი. 

შეიარაღებული ტერორისტული დაჯგუფების წევრობაში ვარ ბრალდებული. პედაგოგი გახლავართ და არასდროს მქონია იარაღი. თავდაცვის მიზნით პატარა დანაც კი არასადროს მიტარებია. არცერთი დაჯგუფების წევრი არ ვარ, არც ჩემი, არც სკოლების ანგარიშებიდან ასეთი დაჯგუფებებისთვის ერთი თეთრიც არ გადამირიცხავს. ამის გადამოწმება ძალიან ადვილია. ამ ყველაფერს მიზანმიმართულად ამბობენ. შესაბამისმა ორგანოებმა, გამომძიებლებმა იციან, რომ ჩვენი სკოლებიდან, თუ ჩემი ანგარიშიდან არცერთი თეთრი არცერთი ორგანიზაციისთვის არაა გადარიცხული.

ჩემს საქმეში, რომელიც თურქეთიდანაა გამოგზავნილი, თურქეთში მომხდარ გადატრიალებასთან დაკავშირებითაც წერია. თითქოს, ვინც ეს გადატრიალება მოახდინა, იმ დაჯგუფების წევრიც ვარ. ამ შემთხვევასთან არაფერი მაკავშირებს. იმ პერიოდისთვის ისედაც საქართველოში ვიყავი. თუ ამდაგვარი დაჯგუფება არსებობს, ეს მათი პრობლემაა. ასეთი დაჯგუფებებიდან არავის ვიცნობ, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია.

__ რატომ მოხდა მაშინ თქვენი დაკავშირება ტერორიზმთან, რა ახსნა გაქვთ?

_ ეს ჩემთვისაც გაუგებარია და ზუსტად ამის დამტკიცება მინდა, რომ არაფერ შუაში ვარ. სამწუხაროდ, თურქეთში ბოლო წლებში მხოლოდ მასწავლებლებს არ ექცევიან ასე. სხვა ნებისმიერი პროფესიის ადამიანიც რომ ვყოფილიყავი, მაგალითად, ექიმი, ინჟინერი, მსაჯი და ა.შ.  მაშინაც შეიძლებოდა ჩემთვის ეს დარტყმა მოეყენებინათ. მოგეხსენებათ, თურქეთში საგანგაშო მდგომარეობაა, დაკეტილია ბევრი სკოლა, ინსტიტუტი, უნივერსიტეტი. თურქეთის მიზანი იყო ეს აკრძალვები მსოფლიოს სხვადასხვა სკოლებში განეხორციელებინათ, მათ შორის, საქართველოში. ამ სკოლების დამფუძნებელი მე არ ვარ, მე დაქირავებული ადამიანი ვარ და კოლეჯის მართვაში ვიღებ მონაწილეობას. შესაბამისად, ჩემს ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო, იმ სხვას დააკავებდნენ.

__ რატომ უნდოდათ თქვენი სკოლების დახურვა?

_ ამას უკვე დევნა ჰქვია და ჩემი საქმის პოლიტიკური მხარეც აქ იწყება. ჩვენი სკოლები დამოუკიდებელია, საქართველოს კანონის შესაბამისობაში აკეთებენ თავიანთ საქმეს. არიან ძალები, რომელთაც უნდოდათ ამ სკოლების თავიანთ ხელში ჩაგდება. თუ ვის, სახელებს და გვარებს არ ვიტყვი, საუბარია თურქულ მხარეზე. ქართულ მხარესთან პრობლემა არ გვაქვს, ქართული მართლმსაჯულება დღესაც გვეუბნება, რომ არაფერს გერჩითო.

თურქეთში არის ფონდი, რომელსაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ სკოლების ქსელის შექმნა უნდა. მათ ჩვენი სკოლების პირდაპირ მათთვის გადაფორმება მოუნდათ. ამაზე ჩვენ მაგრად დავუდექით და ვუთხარით, რომ ეს სკოლები კერძო ბიზნესია და რომ არავის ინტერესი არ შეიძლება გავრცელდეს. როცა ჩვენი სკოლები ხელში ევრ ჩაიგდეს, თავიანთი სკოლები გახსნეს.

__ როცა თურქეთში ცხოვრობდით იქაურ ხელისუფლებასთან რაიმე სახის დაპირისპირება გქონდათ, თქვენი ინტერესები ვინმესთან ხომ არ იკვეთებოდა?

_  არა, მსგავსი არაფერი ყოფილა.

__ იცნობთ ერდოღანს?

_ არა, მე ერთი უბრალო მასწავლებელი ვარ. ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ტერორისტული დაჯგუფების წევრი ვარ, მაგრამ რამე ლოგიკური და ხელმოსაჭიდი არაფერი აქვთ.

__ საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო თქვენს ექსტრადირებაზე შესაძლოა, იმის გამო დათანხმდეს, რომ თურქეთთან ურთიერთობა არ გაიფუჭოს.

_ ეს მოსაზრება როგორც თქვენ, ისე ჩვენც გვესმის ხოლმე, მაგრამ ამას არც საფუძველი და არც მტკიცებულება არ ახლავს. ისევ ვუბრუნდები იმას, რომ საქართველოს სასამართლო თავისუფალია და ის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.

__ ანუ თქვენ თვლით, რომ ქართული მხარე მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობის გაფუჭებას არ შეუშინდება?

_ დიახ, მე ამისი მჯერა და მჯერა, რომ ამ კუთხით სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ.  როცა ეს საქმე დაიხურება, საქრთველოდან ექსტრადირებული არ ვიქნები.

__ თუ ასე არ მოხდება, რა ბედი გელით თურქეთში?

_ იმისთვის რომ ექსტრადირება არ განხორციელდეს, სხვა ბერკეტებიც არსებობს, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ. უზენაეს სასამართლოს, სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ.

__ ლტოლვილის სტატუსის მინჭებაზე უარი გითხრეს. როგორ ფიქრობთ, რატომ?

_ სამწუხაროდ, ამაზე განმარტება მეც არ მაქვს. გული ნამდვილად ძალიან დამწყდა.

__ სხვა ქვეყანას ხომ არ მიმართავთ ამ თხოვნით?

_ ეს სულ ბოლო ვარიანტად განიხილება. 

__ გათავისუფლების შემდეგ თქვენი მისამართით არსებულ მუქარებზე საუბრობდით. დღემდე

გრძელდება მუქარები?

_ სოციალური მედია დაბლოკილი მაქვს, რომ მუქარები არ გაგრძელდეს და ფსიქოლოგიური პრობლემები არ შემექმნას. მუქარებთან დაკავშირებით, ყველაფერი პროკურატურაში გვაქვს წარდგენილი. 

__ სასამართლოში, პროცესზე რამდენჯერმე იტირეთ. რისი გაანალიზება გიჭირდათ?

_ მართალი ხართ, სასამართლოში ვიტირე, მაგრამ ეს ცრემლები შიშისგან გამოწვეული არ იყო. ცრემლები ჩემი თავმოყვარეობიდან გამომდინარე მომდიოდა. 15 წლის განმავლობაში ჩემს კოლეგებთან ერთად ვმუშაობდი, ერთ მშვენიერ დღეს კი, ტერორისტულ შეიარაღებულ დაჯგუფებასთან კავშირი დამაბრალეს. ამან ჩემს თავმოყვარეობაზე ძალიან იმოქმედა. ემოციებს მეტ-ნაკლებად ვიკავებდი, მაგრამ ყოველთვის ვერ შევძელი. საერთოდ, მასწავლებლები ემოციური ადამიანები ვართ.

__ როგორი პირობებში იმყოფებოდით ციხეში?

_ ციხის დირექტორიდან დაწყებული, თანამშრომლებით დამთავრებული, ყველა კარგად მექცეოდა, ამ მხრივ პრობლემები არ მქონია. თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მხოლოდ მე კი არა, სხვებსაც ასე ექცეოდნენ.

სხვათა შორის, ციხეში ბევრი ფიქრიც არ არის კარგი, ეს ადამიანს სხვა პრობლემებს შეუქმნის. შევეცადე, რომ ციხეში ჩემი დრო სწორად დამელაგებინა, ბევრს ვკითხულობდი. ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორი მნიშვნელოვანია ოჯახი, მეგობრები, საქართველო როგორ მიყვარს. რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ჩემი ოჯახიდან შორს ყოფნა,  ვოცნებობდი მოსწავლებთან ყოფნაზე, მათი ხმაური, მათთან კონტაქტი მენატრებოდა,  თან ბავშვებთან სხვანაირი, ახლო ურთიერთობა მაქვს.  სხვათა შორის, მათგან საპასუხო რეაქციაც მივიღე, როცა გამათავისუფლეს. სასამართლოდან გამოსული მაშინვე სკოლაში მოვედი. მთელი სკოლა, მოსწავლეები ეზოში დამხვდნენ. მათი მასწაველებლი ამჟამად არ ვარ, მაგრამ ეზოში ემოციურად შემხვდნენ.

__ დაუბრინდით პედაგოგიურ საქმიანობას?
_ არა. თუმცა, ჩემი ოცნებაა გავაგრძელო ჩემი საქმიანობა და საქართველოს ვემსახურო. ჯერ დამფუძნებლებთან ამაზე მოლაპარაკება არ მქონია. მინდა ცოტა ხანი დავისვენო. 

 

ესაუბრა ეკა ლემონჯავა, „ჯი-ეიჩ-ენი“

ავტორი: . .