სომხეთის პრეზიდენტად პარლამენტმა დიდ ბრიტანეთში სომხეთის ყოფილი ელჩი არმენ სარქისიანი აირჩია.
არმენ სარქისიანის კანდიდატურას მხარი 90-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 10 იყო. ამგვარად, არმენ სარქისიანი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა.
სომხეთში საკონსტიტუციო რეფორმა ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც ქვეყანა საპარლამენტო წყობაზე გადადის. პირველად ქვეყნის ისტორიაში პრეზიდენტი არა მოსახლეობამ, არამედ პარლამენტმა აირჩია.
არმენ სარქისიანი 1953 წელს ერევანში დაიბადა და დიპლომატიურ სამსახურში მოსვლამდე კემბრიჯის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. 1991-1995 წლებში სარქისიანი დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩის თანამდებობას, 1995-1996 წლებში - ბელგიაში, ვატიკანსა და ლუქსემბურგში სომხეთის ელჩის თანამდებობას, 1996-1997 წლებში კი სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. 2013 წლიდან ის კვლავ დიდ ბრიტანეთში სომხეთის საელჩოს ხელმძღვანელობდა.