მთავრობა სოციალურად გაჭირვებულთა ოჯახების ბავშვების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის საკითხს არ იზიარებს. ამის შესახებ განცხადება, ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა დღეს სესიაზე 2010 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას გააკეთა. მისი თქმით, სახელმწიფო ასეთი კატეგორიის ბავშვებისათვის სკოლებში ბიბლიოთეკებს ხსნის და სახელმძღვანელოებით სარგებლობა მათ ბიბლიოთეკებში შეუძლიათ. ამასთან ბაინდურაშვილი აქცენტს იმაზეც აკეთებს რომ მდიდარი ოჯახის ბავშვებს შეუძლიათ წიგნებზე უარი თქვან, თუმცა მისი თქმით, პირვეკლასელების დიფერენციაცია შეძლებულ და შეუძლებელ ოჯახის შვილებად არ შეიძლება.
სოციალურად გაჭირვებული ოჯახების შვილების სახელმძღვანელობით უზრუნველყოფის საკითხი კი ლევან ვეფხვაძემ დასვა. როგორც მან აღნიშნა, დადებითია ის ფაქტი, რომ პირვეკლასელებს ურიგდებათ სახელმძღვანელოები, თუმცა მიაჩნია, რომ "უმჯობესი იქნება სახელმწიფომ სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებზე იზრუნოს და სახელმძღვანელოები მოზრდილ ბავშვებსაც შეუძინოს და არა მხოლოდ პირველკლასელებს", - აცხადებს ლევან ვეფხვაძე და მაგალითად ასახელებს იმ ფაქტს, რომ შეძლებული ოჯახის შვილებსა და იგივე პარლამენტართა შვილებს, რომლებიც პირველ კლასში არიან სახელმწიფოს მხრიდან სახელმძღვანელოების ჩუქება არ სჭირდებათ და მიიჩნევს რომ უმჯობესი იქნება ეს თანხა გაჭირვებული ოჯახების შვილებს მოხმარდეთ.