საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორები საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ. 2009 წლის 6 ნოემბერს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე ისნის რაიონის პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად მე-40 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
ინტერაქტიულ შეხვედრაზე უფროსკლასელებს საშუალება ქონდათ პროკურორებისთვის მათთვის საინტერესო შეკითხვები დაესვათ. თავის მხრივ პროკურორებმა მოსწავლეებს განუმარტეს არსებული კანონები, ისაუბრეს დანაშაულის შესახებ და მის მძიმე შედეგებზე.
გარდა ამისა, პროკურორებმა მოისმინეს ის პრობლემები, რომელიც თბილისის სკოლების უფროსკლასელებს აწუხებთ. დისკუსიის დროს პროკურორებმა და მოსწავლეებმა გამოთქვეს კონკრეტული მოსაზრებები მოცემული პრობლემების გადასაჭრელად.
თბილისისა და საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლებში მოზარდებთან მსგავსი შეხვედრები საქართველოს მთავარი პროკურატურის ინიციატივით პერმანენტულად იმართება. ღონისძიებები ხორციელდება "საზოგადოებრივი პროკურატურის" პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს პროკურატურის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ბავშვებთან და მოზარდ-ახალგაზრდობასთან, პროექტი მიზნად ისახავს ასევე პროკურატურის, როგორც დანაშაულის აღკვეთისა და პრევენციის განმახორციელებელი სამართალდამცავი ორგანოს მუშაობის ეფექტურობის უზრუნველყოფას, მისი გამჭვირვალეობის გაზრდას, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას.
საქართველოს პროკურატურამ `საზოგადოებრივი პროკურატურის~ პროექტის განხორციელება 2006 წლიდან დაიწყო.