სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და მინისტრის მოადგილემ ლევან ზარანდიამ რუსთავის №1 მკაცრი და საერთო რეჟიმის დაწესებულების ტერიტორიაზე მშენებარე კორპუსები დაათვალიერეს.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დაწესებულების მშენებლობა დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს და ექსპლუატაციაში დაგეგმილზე ადრე, 2010 წლის მარტში შევა.
ნახევრად ღია ტიპის მშენებარე საცხოვრებელი კორპუსი სამსართულიანია, საკნები 6 და 8 მსჯავრდებულზე, მთლიანად კორპუსი კი 2000 პატიმარზეა გათვლილი.
საცხოვრებელი კორპუსის გარდა დაწესებულების ტერიტორიაზე შენდება სამედიცინო ნაწილიც. ახალი კორპუსების ექსპლუატაციაში შესვლისთანავე დაწესებულებაში პატიმართათვის გათვალისწინებული და საჭირო ყველა პროგრამა ამოქმედდება.
რუსთავის №1 მკაცრი და საერთო რეჟიმის დაწესებულებაში ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი კორპუსი ფუნქციონერებს და იქ ქალი მსჯავრდებულები იმყოფებიან.
ქალი მსჯავრდებულები რუსთავის №1 დაწესებულებაში №5 ქალთა და არასრულწლოვანთა საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებიდან 18 აპრილს მომხდარი ბუნტის შემდეგ გადაიყვანეს.