კონსერვატიულმა პარტიამ მიხეილ სააკაშვილის საბრალდებო დასკვნა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნა.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, კონსერვატიული პარტია 7 ნოემბერს, სასტუმრო "რედისონში" დაგეგმილ კონფერენციასა და მშვიდობიან მანიფესტაციას ისევე უერთდება, როგორც მანიფესტაციის მოთხოვნებს.
მისივე განცხადებით, 7 ნოემბრის კონფერენცია, მიხეილ სააკაშვილის 6-წლიანი მმართველობის შეფასებას ეძღვნება.
"პარტია გამოაქვეყნებს იმ დადასტურებულ ბრალდებებს, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც მომავალში საფუძვლად უნდა დაედოს სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას და სასამართლო განხილვას", - განაცხადა კუკავამ.
მისივე განცხადებით, პარტია გაითვალისწინებს დოკუმენტის განხილვის პროცესში გამოთქმულ ყველა სამართლებრივ შენიშვნას.
"შენიშვნების გათვალისწინებით შედგენილ დოკუმენტს პარტია განსახილველად როგორც ადგილობრივ ინსტანციებს, ისე საერთაშორისო სასამართლოს გადაუგზავნის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სააკაშვილი წარდგეს სასამართლოს წინაშე და ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის აგოს პასუხი",-აცხადებს კუკავა.