საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაია დაინიშნა.
მთავარი მწვრთნელის პოსტზე ქეცბაია ოფიციალურად დღეს, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ნიკა რურუამ წარადგინა.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასა და თემურ ქეცბაიას შორის. ხელშეკრულების საფუძველზე ქეცბაია ეროვნულ ნაკრებს ორი წლით უხელმძღვანელებს.
ხელშეკრულების გაფორმების პროცესს ესწრებოდა ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაური.
თემურ ქეცბაიას განცხადებით, ეროვნული ნაკრების წარმატებული თამაში კომპლექსურად გასატარებელ ღონისძიებებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი აცხადებს, რომ სპორტულ დატვირთვასთან ერთად ფეხბურთელებისათვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა აუცილებელია.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ქეცბაია ექტორ რაულ კუპერს შეცვლის, რომელთანაც ფედერაციამ ხელშეკრულება ორი დღის წინ გაწყვიტა. თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშეა. ის სხვადასხვა დროს კვიპროსული "ანორთოსისა" და ბერძნული "ოლიმპიაკოსის" ხელმძღვანელი იყო.