7 ნოემბრის ორგანიზატორებმა ევროკავშირისა და ევროკომისიის წარმომადგენლობას საქართველოში მიმართვა გაუგზავნეს.
7 ნოემბრის აქციის ორგანიზატორი პოლიტიკური პარტიების განცხადებით, ოპოზიცია იბრძვის იმისათვის, რომ რათა ხელისუფლებამ რეალურად განახორციელოს ქვეყნის მოსახლეობისა და საერთაშორისიო საზოგადოებისთვის მიცემული პირობა, ჭეშმარიტად დემოკრატიული რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით.
"ნაცვლად დაპირებული "დემოკრატიის ახალი ტალღისა" გაძლიერდა პოლიტიკური ტერორი, გამძაფრდა კონტროლი მედიაზე, უფრო მეტი ინტენსივობით გაგრძელდა პოლიტიკური ნიშნით ადამიანის უფლებებისა და კონსტიტუციური თავისუფლებების შელახვა, ქვეყნის სასამართლო და საფინანსო სისტემა გადაიქცა პოლიტიკური რეპრესიების განხორციელების ინსტრუმენტად", _ ნათქვამია მიმართვაში.
ოპოზიციური პარტიების განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი იყოს უფრო აქტიური და კატეგორიული საქართველოს, როგორც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საკითხში.
"მივმართავთ ევროკომისიის წარმომადგენლობას საქართველოში, მაქსიმალური ძალისხმევით მოსთხოვოს საქართველოს ხელისუფლებას შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები.
ვთხოვთ ევროკავშირს და ჩვენს ევროპელ მეგობრებს შემოიღონ დემოკრატიული ნიშნულები, საქართველოს ხელისუფლების აღებული ვალებულებების შესასრულებლად დაუწესონ ვადები და მხოლოდ ჭეშმარიტი დემოკრატიული რეფორმების გატარება გახდეს წინაპირობა ევროპული დახმარებისა", _ აცხადებენ ნოემბრის ორგანიზატორები.
ოპოზიციური პარტიების განცხადებით, საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ხელისუფლების მიერ აღებული ვადლებულებების უპირობო და უმოკლეს ვადებში შესრულებას, ქვეყანაში ჭეშმარიტი დემოკრატიული ფასეულობების დანერგვას, სიტყვისა და მედიის თავისუფლებას და თავისუფალი სასამართლოს შექმნის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.
"ამ მიმართულებით დასავლეთის პოზიციას და დემოკრატიის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. თუ დასავლეთი მკვეთრად და ნათლად არ მოსთხოვს ჩვენი ქვეყნის დღევანდელ ხელისუფლებას ფუნდამენტური დემოკრატიული ფასეულობების დაცვას, ეს მხოლოდ დააშორებს საქართველოს ევროპასა და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს", _ აცხადებენ ოპოზიციური პარტიები.