7 ნოემბრის ორგანიზატორებმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, ჯონ ბასს მიმართვა გაუგზავნეს.
ოპოზიციური პარტიები მიმართავენ აშშ-ს ელჩს, მაქსიმალურ ძალისხმევა გამოიჩინოს აშშ-ს ხელისუფლებამ და მოსთხოვოს საქართველოს ხელისუფლებას საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის სრულფასოვანი შესრულება.
"მივმართავთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენლობას მიმართოს მაქსიმალურ ძალისხმევას და მოსთხოვოს საქართველოს ხელისუფლებას საქართველო - აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის სრულფასოვანი შესრულება. უმნიშვნელოვანესია შესრულდეს ყველა ის ვალდებულება, რაც საქართველომ აღნიშნული დოკუმენტით ამერიკის შეერთებული შტატებისა და მთელი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე იკისრა", _ ნათქვამია მიმართვაში.
ოპოზიციური პარტიების მიერ გაკეთებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ ბაიდენის ვიზიტის შემდეგ სამ თვეზე მეტი გავიდა და ქართველი საზოგადოება ვერ გრძნობს საქართველოს ხელისუფლების სურვილს, ქვეყანაში პრაქტიკულად განახორციელოს მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოს რეკომენდაციები.
"საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიულ ცვლილებებზე უარის თქმა, რაც გამოიხატება პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების დევნაში, მედიაზე წნეხის გაძლიერებაში, უმძიმესი საარჩევნო გარემოს შექმნასა და ხალხისათვის პოლიტიკური არჩევანის უფლების წართმევაში და სხვა დემოკრატიული ფასეულობების უხეშ ხელყოფაში, შეიცავს დესტაბილიზაციის რეალურ საშიშროებას და, აქედან გამომდინარე, რეგიონული თუ უფრო ფართო მასშტაბის საფრთხეებს", _ ნათქვამია მიმართვაში.
ოპოზიციური პარტიები მიმართავენ აშშ-ს ხელისუფლებას, გაამახვილოს ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავს ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაციისაკენ, რომელიც ცუდ შედეგებს მოიტანს.
ავტორიტარული მართვით საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავს ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაციისაკენ, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის ქართველი ხალხის სწრაფვას ქვეყანაში დასავლური დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებისაკენ და გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს ჩვენი სახელმწიფოს სტრატეგიულ მიზნებს", _ ნათქვამია მიმართვაში.