თბილისი.06.11.09."ჯი-ეიჩ-ენი". ოკუპირებულ ტერიტორიებთან ვითარების ნორმალიზებისათვის აუცილებელია გაიზარდოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფუნქციები. ეს განცხადება დღეს სესიაზე პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა გააკეთა. იგი თავის ოპოზიციონერ კოლეგებს ეთანხმება, ი რომ ბავშვების გატაცება არის მძიმე ფაქტი.
"ეს არის ნამდვილად მგრძნობიარე საკითხი და, შესაძლოა, ამან ვითარების უკიდურესი დაძაბვაც გამოიწვიოს", _ განაცხადა მინაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს რომ არ მოხდეს ამისათვის დაუყოვნებლივ უნდა გაიზარდოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფუნქციები.
"ეს იქნება აუცილებელი წინაპირობა მოკლევადიანი მიზნისათვის, რათა შეწყდეს ადამიანების გატაცება და მოხდეს ტერიტორიების გაკონტროლება, მაგრამ გრძელვადიანი პერსპექტივისათვის აუცილებელია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიენიჭოს საპოლიციო ფუნქცია, რომელიც გახდება ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის საფუძველი",- აცხადებს აკაკი მინაშვილი და აღნიშნავს, რომ იგი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ამ საკითხში უნდა ჩაერთონ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ზეწოლას განახორციელებენ რუსეთზე, რათა არ ხდებოდეს ადამიანების გატაცება.