"ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენლის, მანანა ნაჭყებიას შეფასებით, "2007 წლის 7 ნოემბერი ქართული დემოკრატიის განვითარების პროცესში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღედ დარჩება".
"ეს იყო უმძიმესი დღე. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური სიტუაცია საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან მოლაპარაკების გზით განემუხტა და ამის ვალდებულიც იყო, მან სრულიად გაუგებარი გზა აირჩია და მშვიდობიანი მომიტინგეები სასტიკად და გაზის გამოყენებით დაარბია. ეს დღე საზოგადოებისთვის ქართული დემოკრატიის განვითარების პროცესში ერთ-ერთ მძიმე დღედ დარჩება", - განუცხადა ნაჭყებიამ "ჯი-ეიჩ-ენს" 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების კიდევ ერთხელ შეფასებისას, საიდანაც ხვალ, 2 წელი სრულდება და აქვე განმარტა, რომ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტიც სწორედ ხელისუფლების უკანონო ქმედებებმა მოამწიფა.
რაც შეეხება ამ დღის ორიწლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ აქციას, ნაჭყებიას თქმით, 7 ნოემბერი უნდა აღინიშნოს, მაგრამ პოლიტიკოსებმა "ეს დღე ახალი ათვლის წერტილად არ უნდა აქციონ".
"პოლიტიკოსების მხრიდან კიდევ ერთხელ დაპირება იმისა, რომ ეს დღე გახდება რაიმეს ათვლის წერტილი და ამ დღიდან დაიწყება პროტესტი, ხელისუფლებისთვის ულტიმატუმების წაყენება, არამგონია ღირდეს, რადგან ჩვენ ეს გზა უკვე გამოვიარეთ და როგორც აღმოჩნდა, მაინცდამაინც არ გაამართლა. აქედან გამომდინარე, საზოგადოება ისევ ახალი თარიღების ტყვეობაში აღარ უნდა აღმოვაჩინოთ", - განმარტა ნაჭყებიამ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 7 ნოემბერს, 2007 წლის 7 ნოემბრის ცნობილი მოვლენებისგან ორი წელი სრულდება. 2007 წლის 7 ნოემბერს, 5-დღიანი საპროტესტო მიტინგების შემდეგ, ხელისუფლებამ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მანიფესტაცია ძალის გამოყენები დაშალა. იმ დღეს მოსახლეობა წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით 4-ჯერ დაარბიეს.